ახალი ამბები |

კვირიკაშვილი: “ოცნების” შეთანხმებიდან გასვლა უკუსვლაა დემოკრატიის განვითარების გზაზე

28 ივლისი, 2021 | | 1138
კვირიკაშვილი: “ოცნების” შეთანხმებიდან გასვლა უკუსვლაა დემოკრატიის განვითარების გზაზე

“ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვება პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და ქვეყანას უკან ხევს დემოკრატიის გზაზე.

ექსპრემიერი აცხადებს, რომ პირველ რიგში მოვლენების ამგვარ განვითარებაზე პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება, თუმცა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც” აკრიტიკებს ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერის გამო:

“ქართული ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება პირველ რიგში ქართული ოცნების ხელმძღვანელობას; თუმცა, ნაციონალური მოძრაობაც, რომელმაც ხელშეკრულებაზე არმიერთებით საშუალება მისცა მმართველ პარტიას, უარი ეთქვა აღებულ ვალდებულებებზე, ასევე პასუხისმგებელია იმ რეალობაზე, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა.

და მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმები აქვს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, სწორედ მმართველი პარტიის ვალდებულებაა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედების მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულების შესრულება და ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა” – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მედიაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირადად ჩაერთო და 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმება შედგა, თუმცა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ენმ-მ და “ლეიბორისტულმა პარტიამ”.

ამასთან, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ენმ კი პარლამენტში მაინც შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულს საკითხებზე რეაგირებას, რის შედეგადაც ნიკა მელია და გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებდნენ; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

ამასთნ, შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

19 აპრილის შეთანხმება, გარდა იმისა, რომ შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ემსახურება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განხილულია როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების გზამკვლევი.

ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის “კაფავს გზას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის; ფინანსური მხარდაჭერისთვის; გაფართოებული მონაწილეობისთვის ევროკავშირის პროგრამებში; განახლებული ფოკუსირებისთვის ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ საქართველოს, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის კავშირების დონე ევროპასთან და აქვთ ზრდის გაზრდის პოტენციალი”.

საქართველოს და სამეზობლო საკითხებზე წამყვანი ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე მიუთითებდნენ, რომ ევროკავშირის მედიაციის შესაძლებლობის გამოუყენებლობა რისკის ქვეშ დააყენებდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებს და EU-ს მაკროფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის.

19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ როგორც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, “საქართველოსთვის ევროკავშირის 60-მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების გადმორიცხვის წინაპირობას წარმოადგენს”.
შეთანხმებაზე მომლაპარაკებელი ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლების გარდა, 19 აპრილის დოკუმენტის იმპლემენტაციისკენ საქართველოს მოუწოდებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

მაგალითად, ევროპის საპჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა (PACE) რიკ დაემსმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ თამაში და გადადების გარეშე აამოქმედონ შარლ მიშელის დოკუმენტი პრაქტიკაში. მისი თქმით, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, PACE არაფერ შუაშია 19 აპრილის დოკუმენტთან, თუმცა ევროკავშირი და ევროპის საბჭო იზიარებენ საერთო ფასეულობებს და “ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად პანევროპული საზოგადოების სრული წევრობისთის.”

19 აპრილის დოკუმენტი გახდა ნატო-ს კომუნიკეს ნაწილიც.

“ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ შეთანხმებას “სამომავლო გზა საქართველოსთვის” და ყველა მხარეს მოვუწოდებთ მისი სრულად იმპლემენტაციისკენ. ეს შეთანხმება ნიადაგს უმზადებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტი ქვეყანის, პროგრესს წევრობისკენ მოსამაზადებელ გზაზე”, — ნათქვამია კომუნიკეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი