ახალი ამბები

“ოცნებისვე” კვლევით, მათ 28%-იანი მხარდაჭერა აქვთ – ოქრიაშვილი

28 ივლისი, 2021 • 1244
“ოცნებისვე” კვლევით, მათ 28%-იანი მხარდაჭერა აქვთ – ოქრიაშვილი

პარტია “პროგრესი და სამართლიანობის” ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მიერ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვება განაპირობა შიდა კვლევებმა, რომელმაც აჩვენა, რომ “ოცნებას” მხოლოდ 28%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ოქრიაშვილის თქმით, დღევანდელი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე დაკარგა დროებითი ლეგიტიმაციაც.

“მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ მათ აქვთ მოსახლეობის მხოლოდ 28%-იანი მხარდაჭერა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 22 %-იანი მხარდაჭერა, ბატონი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ — 10 %-იანი მხარდაჭერა, ხოლო დანარჩენი ნაწილდება ყველა დანარჩენ პარტიაზე. სწორედ ამ მოცემულობამ უბიძგა „ქართულ ოცნებას“, გადაედგა ეს ნაბიჯი და საბოლოოდ გასულიყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელშიც ხელმოწერილ ვალდებულებებს თავიდანვე არ ასრულებდა. მე თავიდანვე ვაფრთხილებდი საზოგადოებასა და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, რადგან 2012 წლიდან დღემდე, „ოცნება“ დაკავებულია ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით და ჩამოყალიბდა თაღლით ფსევდოპოლიტიკურ გაერთიანებად”, — აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ის მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, აქტიურად ჩაერიონ შექმნილ ვითარებაში და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

“მე ვაგრძელებ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს, რომელშიც აქამდეც ვიმყოფებოდი და ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”, — აცხადებს ოქრიაშვილი.

კახა ოქრიაშვილმა “ქართული ოცნება” 2020 წლის 10 აგვისტოს დატოვა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია “პროგრესი და თავისუფლება” დააარსა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან ბლოკით “ენმ/ძალა ერთობაშია” მიიღო მონაწილეობა.

28 ივლისს „ქართული ოცნების” ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ტოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით შედგა. ამასთან ერთად „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა“, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. კონსულტაციები ოპოზიციურ პარტნიორებთან დააანონსა „ლელომ“ და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მზადყოფნა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი