ახალი ამბებიკომენტარი

საჭიროა ქმედითი ნაბიჯები – გერმანელი ექსპერტი კონფლიქტებსა და ახალ ნაშრომზე

29 ივლისი, 2021 • 6521
საჭიროა ქმედითი ნაბიჯები – გერმანელი ექსპერტი კონფლიქტებსა და ახალ ნაშრომზე

წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გამოიცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის ნაშრომი – „ხედვა. კონფლიქტები საქართველოში 2012 – 2016“.

მასალა ქვეყნდება „ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში “ დაკვეთით

მასალა ქვეყნდება „ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში “ დაკვეთით

გთავაზობთ აღნიშნული პუბლიკაციის მოკლე შეფასებას, რომელიც გერმანელმა ექსპერტმა დიტერ ბოდენმა შემოგვთავაზა.

„2020 წლის ბოლოს სამხრეთ კავკასია კვლავ მოექცა ევროპის საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში. ამის მიზეზი გახდა 44-დღიანი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც მთიანი ყარაბაღის სომხური ექსკლავის დაპყრობას ეხებოდა.

რუსეთის შუამავლობით გამოცხადებული 10 ნოემბრის „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით“ სამხედრო კონფლიქტი დასრულდა, თუმცა ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტი ამ სახელწოდებით ჯერ არ არსებობს.

სამხრეთ კავკასია კვლავ რჩება კრიზისულ რეგიონად, რაც მრავალმხრივ აისახება ასევე ჩვენს უსაფრთხოებაზე. ფოკუსში მოქცეულია საქართველო, მისი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაუჭრელი ეთნოპოლიტიკური პრობლემებით, სადაც მხოლოდ საქართველო და რუსეთი არ არიან მტრულად განწყობილი მეზობლები, არამედ ამ ორთაბრძოლაში საქართველოს მხარეზე სულ უფრო აქტიურად ერთვება ევროკავშირი.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთმა ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლობით საკმაოდ გაიმყარა პოლიტიკური პოზიციები რეგიონში.

ასეთი განვითარება ხომ არ იქნებოდა საქართველოსთვის ახალი ინიციატივების და  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების მრავალწლიანი შეჩერებული პროცესი განახლების შესაძლებლობა?! რაც ფრიად სასურველი იქნებოდა, რადგან ეს კონფლიქტები რეგიონის უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი საკითხებია.

თუმცა ნაკლებად სავარაუდოა და არც არაფერი მიუთითებს ამისკენ. მით უმეტეს, რომ ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკურ პრიორიტეტებს აკლია შესაბამისი მკაფიო აქცენტი. ეს საკითხი 2009 წლიდან უშედეგოდ განიხილება ჟენევაში, სადაც შვიდ მხარეს შორის  საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებები რუტინულად მიმდინარეობს. ამასთანავე, 2008 წლიდან გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის.

შესაძლოა, არსებული სიტუაციისთვის სიმპტომატურია ის ფაქტი, რომ კონფლიქტის მოგვარების საკითხმა საქართველოს საზოგადოებრივ დებატებშიც კი დაკარგა მნიშვნელობა. ეს ნათლად დასტურდება გამოკითხვებითაც. თვალშისაცემია, რომ ის თაობა, რომელიც თავად მოესწრო ომს და ტერიტორიებიდან განდევნას, ეტაპობრივად ჩამოშორდა პოლიტიკურ სცენას.

თუმცა ამ თემის გააქტიურება პოლიტიკური მიზნებისთვის კვლავ შესაძლებელია.

ამ მიმართულებით ეფექტური იყო ყოფილი მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გამოცემული წიგნი „ხედვა-კონფლიქტები საქართველოში“, რომელშიც მან წარმოაჩინა ბოლო წლებში კონფლიქტის მოგვარების წარუმატებლობის, არასწორი შეფასებების და მარცხის ის სიმწარე, რაშიც ბრალი მიუძღვით მისი ქვეყნის პოლიტიკოსებს.

ამავდროულად, ეს არის მოწოდება, რომ არ შეჩერდეს ძალისხმევა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მრავალწლიანი სამთავრობო გამოცდილების გათვალისწინებით, ზაქარეიშვილი აკეთებს კონკრეტულ შემოთავაზებებს, თუ როგორ უნდა დაიძრას ჩიხიდან შეჩერებული მოლაპარაკებები. ასევე, საუბრობს ისეთ ძირეულ საკითხებზე, როგორიცაა კონფლიქტის მხარეებს შორის ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტი, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ 2008 წლის ვერსიის გადახედვა, რომელიც მოლაპარაკებებისას მუდმივად ხელის შემშლელი ფაქტორი იყო; ასევე, მტკივნეული საკითხი – დევნილების უკან დაბრუნების შესახებ.

ამავდროულად, ზაქარეიშვილი ურჩევს „კეთილი ნების ჟესტის“ გამოყენებას, რაც ყველა შესაძლო გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების წინაპირობაა და შესაძლებელია ქართული მხარის მიერ იყოს ინიცირებული.

საინტერესოა, ზაქარეიშვილის რჩევებს რა პრაქტიკული შედეგები ექნება.

სინამდვილეში მისი მიდგომა მიმართულია კითხვაზე – არის თუ არა შედეგიანი მშვიდობის ის კონცეფცია, რომელსაც აქამდე ატარებდა საქართველო დასავლეთის სრული მხარდაჭერით?

ზოგიერთი მისი მოსაზრება საჭიროებს გადახედვას, მათ შორის ჰიპოთეზა, რომ აფხაზეთი არის რუსეთის მიერ დაპყრობილი მიწა, რომელსაც გათავისუფლებისთვის საქართველოსთან კავშირში სურს.

ის საფუძველი, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს“ უდევს, არასწორად აფასებს არსებულ ურთიერთობას  საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რაც ომის ტრავმების გამო საკმაოდ დამძიმებულია. ორ მხარეს შორის პირდაპირი საუბრის დაწყების მცდელობები ბოლო წლების განმავლობაში ჩაიშალა, მაგრამ სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ასეთი დიალოგი საჭიროა აფხაზეთსა და საქართველოს შორის პრაქტიკული საკითხების გამიჯვნისთვის; ასევე იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს მათ შორის ნდობის ჩამოყალიბებას.

აფხაზეთის პრეზიდენტმა ბჟანიამ 2020 წელს, მისი არჩევისთანავე, შესთავაზა საქართველოს ასეთი დიალოგი. სერგეი შამბამ, აფხაზეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გააძლიერა ეს სიგნალი 2020 წლის აგვისტოს თვეში მიცემულ ინტერვიუში, როდესაც აღნიშნა, რომ „შეუძლებელია მუდმივად მტრობაში ცხოვრება“, რასაც საქართველოს მხრიდან შესაბამის პოლიტიკურ დონეზე რეაქცია არ მოჰყოლია.

საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც განსაკუთრებულად საქართველოს ეხება.

ყარაბაღის ომის შედეგად სამხრეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობა მეტწილად  საქართველოს მხრიდან მოითხოვს ახალ ინიციატივებს, რაც არ ეწინააღმდეგება ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების საქართველოს მრავალწლიან პოლიტიკურ კურსს. პირიქით, ასეთი ინიციატივები, შესაძლოა, საქართველოს დასავლეთის პარტნიორების პოლიტიკურ მიზნებსაც ემსახურებოდეს, რომლებსაც რეგიონში ახორციელებენ და ეს ყოველივე სასარგებლო იქნებოდა ევროკავშირისთვისაც, რომელსაც ყარაბაღის კრიზისში უმოქმედობით მნიშვნელოვნად აქვს დაკარგული პოზიციები.


მასალა ქვეყნდება „ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში “ დაკვეთით

მასალა ქვეყნდება „ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში “ დაკვეთით

ავტორის შესახებ: დიტერ ბოდენი – გერმანელი დიპლომატი. 19951996 წლებში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში. 1999 წლის 18 ოქტომბრიდან 2002 წლის 23 მაისამდე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში. დიტერ ბოდენი მუშაობდა საქართველოში არსებული კონფლიქტების თაობაზე და წარმოადგენდა შუამავალ მხარეს სამშვიდობო პროცესებში. დიტერ ბოდენის სახელს უკავშირდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების რვაპუნქტიანი გეგმა „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითადი პრინციპები“, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო მეტად „ბოდენის გეგმის“ ან „ბოდენის დოკუმენტის“ სახელწოდებით არის ცნობილი.

პუბლიკაციის ქართული ვერსია იხილეთ: http://library.fes.de/pdf files/bueros/georgien/17502.pdf

ინგლისური ვერსია: http://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/17501.pdf

რუსული ვერსია: http://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/17500.pdf

მასალების გადაბეჭდვის წესი