ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, გაიხსნება ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს გენეტიკურ კვლევებს ჩაუტარებენ

28 ივლისი, 2021 • 4762
წულუკიანის თქმით, გაიხსნება ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს გენეტიკურ კვლევებს ჩაუტარებენ

კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სპორტის განვითარების 10-წლიანი გეგმის თანახმად, საქართველოში სამედიცინო ლაბორატორიის შექმნა იგეგმება, სადაც ადამიანებს გენეტიკურ კვლევებს ჩაუტარებენ, რომელიც განსაზღვრავს, რა ფიზიკური პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული სპორტის სახეობაში. ამის შესახებ წულუკიანმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენაზე ისაუბრა.

“სამედიცინო ცენტრების ბაზაზე 10 წლისთავზე იფუნქციონირებს ის, რაც არ გვაქვს ქვეყანაში. ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი კარიერა და მაგალითისთვის ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა”, – განაცხადა წულუკიანმა.

10-წლიანი გეგმის თანახმად, სამინისტროს სურს, რომ 2025 წლისთვის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში ჩართული პირების რაოდენობა 22%-დან 30%-მდე გაიზარდოს, 2030 წლისთვის კი ამ მაჩვენებლმა 50%-ს მიაღწიოს. ამასთან, წულუკიანის თქმით, გეგმის თანახმად საქართველოში სპორტსმენთა რაოდენობაც უნდა გაიზარდოს და 2030 წლისთვის 180 000-დან 360 000 უნდა გახდეს. ასევე სამინისტრო გეგმავს, რომ 2028 წლისთვის ზაფხულის ოლიმპიადაზე ქვეყანამ გააუმჯობესოს მაჩვენებელი და ერთ სულ მოსახლეზე მოპოვებული მედლების რაოდენობით მეხუთე ადგილი დაიკავოს. ამასთან, წულუკიანის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის მულტისპორტული კომპლექსების რაოდენობა სპორტის ძირითადი სახეობებისთვის 4-დან 10-მდე უნდა გაიზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი