ახალი ამბები

“მთავარი არხის” სარეკლამო სააგენტოს შემოწმება სტანდარტულ პროცედურაა — შემოსავლების სამსახური

27 ივლისი, 2021 •
“მთავარი არხის” სარეკლამო სააგენტოს შემოწმება სტანდარტულ პროცედურაა — შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურში “მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით”.

“სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით. აღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას. ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას”, — ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე რაიმე სახის ქმედების განხორციელებისა და საქმიანობის შეზღუდვას.

“გამომდინარე აქედან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას”, — ნათქვამია განცხადებაში.

“მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახო სამსახურის შესვლის შესახებ ინფორმაცია დღეს “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა. საუბარია კომპანია შპს ნიუ სეილსზე (საიდენტიფიკაციო ნომრით 4053544432), რომელიც “მთავარი არხის” რეკლამას ყიდის.

“კობახიძე შეგვპირდა თავის დროზე, გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსებაო. გასცა ბრძანება და ეს ბრძანება სრულდება. ეჭვი მაქვს, სხვა მედიებშიც იგივე მოხდება”, — თქვა გვარამიამ.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ „მთავარში“ „TV პირველსა“ და „ფორმულაში“ შავი ფული ტრიალებს და ეს გამოსაძიებელია.

“მთავარი არხის” ცნობით, მათ გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი