“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური “მთავარი არხის” გაყიდვების სახლში შევიდა.
“ეტყობა, ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია, იმიტომ, რომ ჩვენი შემოსავალი ამაზეა დამოკიდებული. ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, იმ კომპანიაში შევიდნენ. იქ რომ რაღაც დააყადაღონ, ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა. კობახიძე შეგვპირდა თავის დროზე, გამოსაკვლევია ყველა მედიის დაფინანსებაო, გასცა ბრძანება და ეს ბრძანება სრულდება. ეჭვი მაქვს, სხვა მედიებშიც იგივე მოხდება. ველოდები საგადასახადო პოლიციას და მერე პროკურატურას. კიდევ რა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ გააცნობიერონ, ამ ქვეყანაში მთავრდება თავისუფალი სიტყვა”, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
როგორც თამთა მურადაშვილმა განუცხადა „ნეტგაზეთს“, საუბარია კომპანია შპს ნიუ სეილსზე (საიდენტიფიკაციო ნომრით 4053544432), რომელსაც კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური დისტანციურად ამოწმებს.
ფინანსთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ “მთავარ არხთან” დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.