ახალი ამბები

შსს ადასტურებს, რომ ლეშჩენკო საქართველოში იმყოფებოდა

26 ივლისი, 2021 • 1988
შსს ადასტურებს, რომ ლეშჩენკო საქართველოში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსი მომღერალი ლევ ლეშჩენკო საქართველოში იმყოფებოდა.

“მთავარმა არხმა” გუშინ, 25 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მომღერალი ლევ ლეშჩენკო, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვს, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო “პარაგრაფში” ისვენებს და მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მასპინძლობენ (ნეტგაზეთი ცდილობს ამ ინფორმაციის თამაზაშვილთან და ოდიშარიასთან გადამოწმებას).

“აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება ქვეყანაში შემოსვლას, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად, რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე, არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა”, — განუცხადეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
  • ცხინვალის რეგიონში – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისა და ნებართვის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. არაერთგზის ჩადენილი იგივე ქმედება კი 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ლევ ლეშჩენკოს აფხაზეთში ვიზიტების შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტში. მაგალითად, 2013 წლის აგვისტოში მან მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის “დამოუკიდებლობის აღიარების” 5 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

2014 წელს ლეშჩენკომ მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას უკრაინისა და ყირიმთან მიმართებაში. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეყვანილია სანქცირებულთა სიაში და ეკრძალება უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

2019 წელს, „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის შეგინების კომენტირებისას, განაცხადა, რომ „ეს უზრდელობაა მთელი ჩვენი ერის მიმართ“ და თქვა, რომ ქართველი ხალხის მიმართ ცუდად არაა განწყობილი, მაგრამ ანტირუსული განწყობების მოთმენას არ აპირებს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ რუს ტურისტს მიესალმება და “არ არის საჭირო ცალკეული თემების აჟიტირება.

“საკანონმდებლო თემასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა დარღვეული კანონი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. მე როგორც ვიცი, ეს ასე არ არის, მაგრამ მე არ ვარ ამის სპეციალისტი, ეკონომიკის მინისტრი გახლავართ. როგორც ეკონომიკის მინისტრი გეტყვით, რომ ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით და დღეს განსაკუთრებით, როდესაც პანდემიაა და ტურიზმი ასეთ დღეშია, მივესალმებით სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან ჩამოსულ და მათ შორის რუს ტურისტებსაც. არ არის საჭირო აჟიტირება ასეთი ცალკეული თემის. თუკი არის რაიმე პრობლემა კანონმდებლობასთან, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის სტრუქტურებს. ჩემი ინფორმაციით, არ არის”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი