ახალი ამბები

“პირველი არხის” ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან დღეს გაეწერება – კლინიკის დირექტორი

21 ივლისი, 2021 •
“პირველი არხის” ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან დღეს გაეწერება – კლინიკის დირექტორი

“კავკასიის მედიცინის ცენტრის” ცნობით, “პირველი არხის” ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან დღეს გაეწერება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ განუცხადა.

ნუცუბიძის თქმით, თვალიაშვილმა, რომელიც 5 ივლისის აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სცემეს, კლინიკას გეგმური ამბოლატორიული ვიზიტის ფარგლებში ორშაბათს, 21 ივლისს მიმართა. მას ძლიერი თავის ტკივილები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა დამატებითი ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება გადაწყვიტეს და კლინიკაში დატოვეს.

“პაციენტმა მოგვმართა თავის ტკივლით. სიმპტომურად განისაზღვრა, რომ ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ჩაგვეტარებინა სრული სპექტრული კვლევები. შესაბამისად, მიზნობრივი იყო, რომ სტაციონარული დაკვირვების ქვეშ ყოფილიყო ჩატარებული ეს კვლევები. მას არ გამოუვლინდა რაიმე სახის პრობლემატიკა-პათოლოგია, სტაბილურია და ეწერება ბინაზე”, – განმარტა ნუცუბიძემ.

ილია თვალიაშვილს 5 ივლისს დაუზიანდა მხედველობა. 15 ივლისს “ნანუკას შოუსთვის” მიცემულ ინტერვიუში თვალიაშვილი ამბობდა, რომ მარცხენა თვალით საერთოდ ვერ ხედავდა, მარჯვენა თვალიდან კი გარკვეულ მანძილზე ხედავდა. ასევე აღენიშნებოდა ძლიერი თავის ტკივილებიც.

ინტერვიუში თვალიაშვილი ჰყვება, რომ 10 ადამიანამდე დაესხა თავს იმ დროს, როცა ის და ჟურნალისტი ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ.

“როცა შეტაკება დაიწყო, გარიდებას ვცდილობდით. მერე მახსოვს, რომ ორი ადამიანი მეჯიკავებოდა, ზურგიდან “ლაივუს” მოგლეჯვას ცდილობდნენ, კამერის წართმევას ცდილობდნენ. ზოგი ხელს მირტყამდა, ზოგი ფეხს მირტყამდა… უბრალოდ, მახსოვს ის, რომ მომქაჩა ერთ-ერთმა აქციის წევრმა და დავვარდი. მერე მახსოვს, რომ დაახლოებით ორჯერ ძლიერად მომხვდა თავში და ასფალტს დავარტყი რამდენჯერმე თავი. და მაგის შედეგად მივიღე ეს დაზიანებები. მაშინვე ვეღარ ვხედავდი იმიტომ, რომ რაღაც პერიოდით გავითიშე და პატრულმა გადამარჩინა”, – ამბობდა თვალიაშვილი.

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები.

თავს დაესხნენ მედიის 53 წარმომადგენელს. ასევე, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმტვრიეს ტექნიკაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე 27 ადამიანი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი