ახალი ამბები

ფეისბუკზე შეღწევა და თანხის გადარიცხვის თხოვნა – თაღლითობისთვის 5 პირი დააკავეს

21 ივლისი, 2021 • 824
ფეისბუკზე შეღწევა და თანხის გადარიცხვის თხოვნა – თაღლითობისთვის 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავეს ხუთი ადამიანი, რომლებსაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული თაღლითობა ედებათ ბრალად. ისინი თბილისში, გორსა და წალენჯიხაში დააკავეს.

დანაშაული, რასაც მათ ედავებიან, 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს, შემდეგ მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს და მათ ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულები თაღლითური გზით, საერთო ჯამში, დაეუფლნენ 14 მოქალაქის კუთვნილ 10 500 ლარს. „სხვა დაზარალებულებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“, – წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი