ახალი ამბები

5 ივლისს “რუსთავი 2”-ის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ივლისი, 2021 • 1000
5 ივლისს “რუსთავი 2”-ის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 1955 წელს დაბადებული უ.დ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უ.დ-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, “ცისფერი გალერეის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნტქით და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე 27 პირია დაკავებული, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 23 პირი;
  • თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

შსს-ს ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი