“ბათუმელებმა” გადაწყვიტა, ინფორმაცია, რომელიც მთელ ქვეყანაში აინტერესებთ, ადგილზე ანუ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში გადაემოწმებინა. პრეზიდენტის რეზიდენციას ერთი მხრიდან ზღვა აკრავს, ქუჩის მხრიდან კი _ ევკალიპტის უზარმაზარი ხეები. ამიტომ შეუიარაღებელი თვალით იმის გარჩევა, თუ რა ხდება რეზიდენციის სიახლოვეს, თითქმის შეუძლებელია. ტერიტორია მაღალი რკინის ღობითაა გარშემორტყმული და ყველა მხრიდან ვიდეოთვალი აკონტროლებს. ზღვასთან მისასვლელი, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, რეზიდენციის გვერდითაა. აქაურობა ორი თვეა, რაც ჯებირებით გადახერგეს. გათხრილი სანგრები ვერსად შევნიშნეთ, თუ არ ჩავთვლით ორ პატარა საგუშაგოს, რომლებიც ჯებირებშია ჩატანებული და გარედან ხის ტოტებით სახელდახელოდაა დაფარული. ტოტების შიგნით ოთხი მასიური ბეტონის კედელია, სხვა საინტერესო იქ არაფერია. რეზიდენციიდან რამდენიმე მუშა გამოდის. “შენობაში კოსმეტიკური რემონტი ტარდება. სხვა არაფერი ვიცით”, _ ისინი “ბათუმელებთან” ურთიერთობას ამ სიტყვებით ამთავრებენ და მიდიან. “პრეზიდენტის მეზობლები” ასე ბობოყვათელები საკუთარ თავს უწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ ბობოყვათის რეზიდენციის თავზე, მიხეილ სააკაშვილის ვერტმფრენი თითქმის ყოველდღე დაფრინავს. “მიშა აქ თითქმის ყოველდღეა”, _ გვეუბნება ერთ-ერთი ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს ცხოვრობს და ხშირად ხედავს შენობის თავზე მფრინავ ვერტმფრენს. ის საკუთარ სახელს არ გვეუბნება: `რა ვიცი, ვინ როგორ მიუტანს სააკაშვილს ამბავს”. სულ ბოლოს პრეზიდენტის ვერტმფრენი მან აქ ორი დღის წინ ნახა: “ძნელი არ არის ამბის გაგება. როცა მოდის, აქაურობა სულ პოლიციელებით ივსება”. რესპონდენტს სმენია, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციის პრივატიზებას აპირებს. “როცა სასახლეს გადაიფორმებს, მერე მთლად ბობოყვათელი გახდება”. მისი აზრით, ეს ინფორმაცია ტყუილსაც ჰგავს, “თუმცა ხანდახან ტყუილშიც არის სიმართლე”. ბობოყვათელებს ჯერ ვერ განუსაზღვრავთ, პრეზიდენტის მეზობლობა მათთვის მომგებიანი იქნება თუ _ პირიქით. ჯერჯერობით, მხოლოდ ის იციან, რომ ზღვასთან მისასვლელი პირდაპირი გზა, ფაქტობრივად, გადაკეტეს. `სანაპიროზე სამი მეტრის სიმაღლის ჯებირი აგვიშენეს. ზღვაში ბანაობა რომ მოგინდეს, კილომეტრები უნდა გაიარო”, – წუხან მეზობლები. “პრეზიდენტის მეზობლების” ძირითადი შემოსავალი ტურიზმია, ამიტომ შიშობენ, რომ ზღვასთან პირდაპირი მისასვლელის ჩახერგვის გამო, დამსვენებლები ამ ადგილებში აღარ გამოჩნდებიან. ამ ადამიანებმა ჯებირის მშენებლობა თითქოს გააპროტესტეს: `მშენებლობის დროს ჯარისკაცებს დაველაპარაკეთ. მაგრამ გვითხრეს `ასე საქმეს სჭირდებაო~. არიან ისეთებიც, ვინც სააკაშვილის დიდი ხნით სტუმრობას შიშით სხვა მიზეზების გამო უყურებენ: `მაგას რუსეთი ვერ უწყვება, შეიძლება ბომბები ჩამოგვიყარონ”. აქაურების აზრით, პრეზიდენტის მეზობლად ცხოვრებას დადებითი მხარეც აქვს: “გზაზე ეს წუმპე რომ ნახა, უთქვამს გააკეთეთო. ამას მოაწესრიგებენ”. “მე როგორც გავიგე, ამ გზაზე ფასიან გამშვებ პუნქტს აკეთებენ და ზღვაზე გადასვლის მსურველები ფულს გადაიხდიან”, – გვეუბნება კიდევ ერთი ინკოგნიტო მოქალაქე. მას იმედი აქვს, რომ გამშვებ პუნქტზე ადგილობრივებს დაასაქმებენ, ანუ ამით ბობოყვათელები იხეირებენ. “თავი ქუდში მაქვს, აქვე ვცხოვრობ”, _ ამბობს იგი. ინკოგნიტო მოქალაქე ამბობს, რომ თუ მისი ვარაუდი არ გამართლდა, სააკაშვილს რეზიდენციაში ესტუმრება: `დაცვის ბიჭები ჩვენებურები არიან, წერილს ხომ მაინც მიაწვდიან?” ჩოლოქის ხიდი ჩოლოქის ხიდის სიახლოვეს არც ერთი ჯარისკაცი და მით უფრო, სამხედრო დანაყოფი არ შეინიშნება. ამ ხიდის დანაღმვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ქობულეთში ღიმილს ჰგვრით. `პირველად გვესმის”, _ ამბობს სულხან ვერულიძე. გათხრილი სანგრები მიშიკო დოლიძესაც არ უნახავს. მას არც ხიდის დანაღმვის სჯერა: “ვხედავ, რომ თვითმფრინავი მიდი-მოდის, მაგრამ მსგავსი რამ არ მსმენია”.