ახალი ამბები

აშშ-ისა და სხვათა კრიტიკის შემდეგ ეგვიპტემ დისიდენტების ნაწილი პატიმრობიდან გაათავისუფლა

21 ივლისი, 2021 • 889
აშშ-ისა და სხვათა კრიტიკის შემდეგ ეგვიპტემ დისიდენტების ნაწილი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ეგვიპტეში ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს არაერთი ცნობილი აქტივისტი და ჟურნალისტი, რომლებიც ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი კრიტიკით გამოირჩევიან. აღნიშნულს წინ უძღოდა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის, აშშ-ის მიერ გამოხატული შეშფოთება ეგვიპტის სახელმწიფოს მიერ კრიტიკოსთა დევნის გამო.

მიმდინარე დღეებში გათავისუფლებულთა უმეტესობა ხელისუფლებამ 2019 წელს, კაიროსა და სხვა ქალაქებში გამართული მცირე, თუმცა იშვიათი ანტისამთავრობო აქციების შემდგომ, სხვა ათასობით მოქალაქის მსგავსად დააკავა. მათ ძირითადად ედავებოდნენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ტერორისტულ ორგანიზაციასთან შეერთებას. ამ მუხლებით ეგვიპტეში დისიდენტებს ხშირად აკავებენ.

6 ადამიანს შორის, რომელთაც საპატიმრო დატოვეს, არის ცნობილი აქტივისტი და ჟურნალისტი ისრა აბდ ალ-ფათაჰი. ის აქტიურად იყო ჩართული 2011 წლის ანტისამთავრობო პროტესტის ორგანიზებაში, რომელიც დიქტატორ ჰოსნი მუბარაქის გადადგომით დასრულდა. ის ეწინააღმდეგებოდა “მუსლიმი ძმების” მმართველობასაც, ისევე როგორც ამჟამინდელი პრეზიდენტის, აბდულ ფათაჰ ას-სისის ხელისუფლების ხისტ პოლიტიკას ოპონენტთა მიმართ.

როგორც ისრა აბდ ალ-ფათაჰი ყვებოდა, 2019 წლის ოქტომბერში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა დააკავეს, თვალები აუხვიეს და გაკოჭეს, შემდეგ კი აწამეს, რათა თავისი ტელეფონის პაროლი გაემხილა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასევე გათავისუფლდნენ მემარცხენე აქტივისტი და უფლებადამცველი მაჰინურ ალ-მასრი და ჟურნალისტი გამალ ალ-გამალი, რომელიც მოქმედი ხელისუფლების მიმართ თავისი კრიტიკული სტატიებით არის ცნობილი. საპატიმრო დატოვა ეგვიპტეში მოქმედი პოლიტიკური პარტიის “სოციალისტური სახალხო ალიანსის” ვიცე-თავმჯდომარემ, აბდ ალ-ნასირ ისმაილმაც.

მიუხედავად წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება, ადვოკატების თანახმად, ამ ადამიანებს მაინც მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგომა.

აღნიშნულს წინ უძღოდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა და ძალისხმევა დისიდენტთა გასათავისუფლებლად. ეგვიპტეში მოქმედი “საერთაშორისო დიალოგის ჯგუფი”, რომელიც პოლიტპატიმართა გათავისუფლებას ლობირებს, ამბობს, რომ ბოლო გადაწყვეტილებები სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციების შედეგია.

მეორე მხრივ, France 24 ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლება წარმოადგენს ას-სისის ხელისუფლების მცდელობას, შემცირდეს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა ეგვიპტეზე.

გასული კვირის ოთხშაბათს ვაშინგტონმა კაირო გააფრთხილა, არ შეავიწროოს ადამიანის უფლებათა აქტივისტები. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ ცნობილ უფლებადამცველს “ტვიტერზე” გამოქვეყნებული პოსტის გამო ბრალი წაუყენეს. მას ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებოდნენ.

“როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა, შეშფოთება გამოვხატეთ ეგვიპტის მთავრობის წინაშე და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ”, — თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.

მას ჰკითხეს, იმოქმედებს თუ არა ეს საკითხი იარაღით ვაჭრობაზე ეგვიპტესთან. პრაისს ამ საკითხზე ვრცლად არ უსაუბრია, თუმცა თქვა: “ადამიანის უფლებები მსოფლიოს გარშემო არის ის, რასაც დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს”.

მანამდე, მიმდინარე წლის მარტში, ეგვიპტეს საყვედური გამოუცხადა არაერთმა სახელმწიფომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში. მათ შორის იყვნენ ევროპული ქვეყნები, ასევე, აშშ, ავსტრალია და ახალი ზელანდია. მათ შეშფოთება გამოხატეს ეგვიპტის ხელისუფლების ქმედებების გამო უფლებადამცველების, ჟურნალისტების, აქტივისტების, ლგბტ ადამიანების და სხვათა წინააღმდეგ.

უფლებამდაცველი ორგანიზაციების შეფასებით, ეგვიპტის ამჟამინდელი პრეზიდენტის, აბდულ ფათაჰ ას-სისის პირობებში დისიდენტების უპრეცედენტო დევნა ხორციელდება. ას-სისი ხელისუფლების სათავეში 2013 წელს, მას შემდეგ მოვიდა, რაც არმიამ თანამდებობიდან გადააყენა პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, “მუსლიმი ძმების” წარმომადგენელი მუჰამად მურსი.

არმიის ჩარევას თან ერთვოდა ფართო საზოგადოებრივი პროტესტი “მუსლიმი ძმების” წინააღმდეგ. თავდაპირველად ას-სისის ხელისუფლების სამიზნე სწორედ ისლამისტური ოპოზიცია იყო, თუმცა მალევე დაიწყო სეკულარი და ლიბერალი ოპონენტების, ცალკეული აქტივისტებისა თუ მოძრაობების დევნა.

“სამყაროს: ძალიან სასტიკი იყავი, მაგრამ გპატიობ” – ეგვიპტელი გეი აქტივისტის სუიციდი დევნილობაში

მასალების გადაბეჭდვის წესი