ახალი ამბები

რას ფიქრობენ “ლელოს” წინადადებაზე დანარჩენ ოპოზიციაში

20 ივლისი, 2021 • 1314
რას ფიქრობენ “ლელოს” წინადადებაზე დანარჩენ ოპოზიციაში

“ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძის აზრით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად.

“უკვე დღეს, საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე. დღესვე საჭიროა შეთანხმება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში. ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან, თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული “ოცნების” ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას”, — დაწერა მამუკა ხაზარაძემ Facebook-ზე.

დანარჩენი ოპოზიციისთვის ხაზარაძის წინადადების შინაარსი მისაღებია, თუმცა ფორმა და დროის შერჩევა — გაუგებარი.

“დღესავით ნათელია, რომ საქართველოს მომავალი ხელისუფლება იქნება კოალიციური. “ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნო პერიოდში განაცხადა, რომ მას არ ექნება პრეტენზია ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირების დაკომპლექტებაზე. “ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ ნებისმიერი ძალოვანი მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა და როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს შერჩეული, იქნება პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი. ამიტომ მხოლოდ მინისტრის დანიშვნა საქმეს არ შველის, სისტემა უნდა შეიცვალოს და ისეთი საკანონმდებლო სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, რომ მინისტრი ვერ ჩაერიოს მისი სტრუქტურის მუშაობაში პოლიტიკურად. რა თქმა უნდა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სამომავლოდ, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციაში ყველა ამ საკითხზე იქნება და გაგრძელდება საუბარი”, — განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ ენმ ყოველთვის იყო ოპოზიციასთან კოალიციური ხელისუფლების ფორმირებაზე დიალოგის მომხრე.

“უდროო და, მე იმედი მაქვს, გამოუცდელობით გამოწვეული განცხადებაა”, — განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ მამუკა ხაზარაძის ინიციატივის შეფასებისას.

“ჯერ ერთი, საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს ასეთი საკითხების სროლა. ჯერ კონსენსუსი უნდა იქნას მიღწეული, რომ მერე გამოცხადდეს. მაგრამ ახლა ჩვენ წინ გვიდგას თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც, მართალია, პოლიტიკური არჩევნებია, მაგრამ ამ არჩევნებზე მოქალაქეებს უნდა ვაჩვენოთ, რომ მერებთან და საკრებულოებთან დაკავშირებით შეგვიძლია კოორდინცია. ამ დროს მეორე საკითხის წამოწევა, ვშიშობ, ხომ არ არის საბაბის ძებნა, რომ ამაზე არ გითანხმდები და მეორე საკითხი წამოვწიე”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძის ინიციატივა საინტერესოა “სტრატეგია აღმაშენებლისთვის”, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოვანი კაბინეტის პრემიერ-მინისტრი გიორგი ვაშაძე იქნება.

“მამუკა ხაზარაძის ინიციატივა აქტუალურია განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ [მთავრობისთვის] უნდობლობის გამოცხადებაზე და იცით, რომ კონსტიტუცია ამასთან ერთად ითვალისწინებს მთავრობის შემადგენლობის დასახელებას. მე ვეთანხმები, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ერთი პარტიიდან არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ჩვენთვის ეს არის საინტერესო წინადადება, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავენ”, — განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ, თუმცა დასძინა, რომ “სტრატეგია აღმაშენებელს” შეუძლია, საერთო ოპოზიციური ინტერესების გამო უარი თქვას საკუთარ ამბიციებზე.

“თუმცა სანამ კონსულტაციები დაიწყება, ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განხილული იყოს გიორგი ვაშაძე”, — დასძინა მანჯგალაძემ.

“არ ვმონაწილეობთ კონსულტაციებში, არანაირი შეხვედრა არ გვქონია და რეალისტურად არ მიგვაჩნია. არ დგას საკითხი იმგვარად ახლა, რომ ადამიანებს აინტერესებდეთ, ჩრდილოვან კაბინეტს როგორ დააკომპლექტებს ოპოზიცია და რომელ თანამდებობაზე ვისზე შეთანხმდება. მაშინ, როცა ჯერ არჩევნები არ მოგიგია და როცა ოპოზიცია ერთმანეთთან საქმიანადაც კი არ ლაპარაკობს, არარსებული თანამდებობის გადანაწილება, ჩემი აზრით, სერიოზულად არ გამოიყურება. ეს იქნება რეალური მას შემდეგ, როცა ოპოზიცია გულწრფელად დაიწყებს საუბარს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა და ერთმანეთის მოსმენას”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, მსგავსი ინიციატივის დაყენება მიზანშეწონილია მას შემდეგ, რაც კონსენსუსი იარსებებს.

“სხვა მხრივ, შედეგი არ ექნება. მე კიდევ არ მინდა ისეთ რამეში  მონაწილეობა, რომლის შედეგსაც ვერ ვხედავ. ლაპარაკს წინ არაფერი უდგას, საუბარზე უარს არასდროს ვამბობ, უბრალოდ, აწმყოში რასაც ვფიქრობ, იმას გეუბნებით”, — დასძინა იაგო ხვიჩიამ.

“ჩვენ მოვთხოვოთ, რომ ვიღაცამ ხელი არ მოჰკიდოს ძალოვნებს და ამ პარტიამ მოჰკიდოს, ასე არ ხდება. ამას უნდა კარგად დაჯდომა, გაანაზილება და ამომრჩევლის აზრის გათვალისწინებით შეთანხმება”, — განაცხადა, თავის მხრივ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა.

ენმ-სთან კოალიცია გამორიცხა პარტია “მოქალაქეებმა”.

“ჩვენი მხრიდან “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოალიციაზე საუბარი გამორიცხულია. ამის კონკრეტული მიზეზები გვაქვს. „ლელოს“ ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობით“ იწყება სამყარო და მთავრდება — ესაა მთავარი პრობლემა. კიდევ ჰგონიათ, რომ რაღაცას რომ იტყვიან, იმდენად დიდი სიბრძნეა, ბედნიერებისგან ავჭყლოპინდებით და დავეთანხმებით. ნურას უკაცრავად, დაეშვან მიწაზე, მოვიდნენ და დაგველაპარაკონ”, — განაცხადა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია “პროგრესი და თავისუფლების” თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა  ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა მექანიზმი, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მომავალში საქართველოში კოალიციური ხელისუფლება. ოქრუაშვილის პარტიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დოკუმენტი წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდა და წარსულში ენმ-ს, “გირჩი — მეტი თავისუფლებასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის შეთანხმდა. აღნიშნული მექანიზმის თანახმად:

  1. კოალიციურ მთავრობაში პორტფელები ნაწილდება კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად, შემდეგი წესით — ამ პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამიდან გამოითვლება თითოეული პარტიის მიღებული ხმების პროცენტი. ამ პროცენტის საფუძველზე, მთავრობის შემადგენლობის საერთო რაოდენობიდან გამოითვლება თითოეული პარტიისთვის მინისტრის პორტფელების რაოდენობა;
  2. კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან პირველ ადგილზე გასული პარტია დაასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს;
  3. კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიებიდან მე-2 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას (ან სხვა კანდიდატურას, შეთანხმების საფუძველზე);
  4. მე-3 ადგილზე გასული პარტია დაასახელებს წინასწარ შეთანხმებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი პორტფელის მქონე მინისტრის კანდიდატურას (მაგ: საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი);
  5. ანალოგიურად, ზემოაღნიშნული წესების საფუძველზე, გადანაწილდება საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების პორტფელები, გარდა ადამიანის უფლებათა კომიტეტისა, რომლის თავმჯდომარეც ინიშნება ოპოზიციიდან.

“ლელოში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ჩრდილოვან კაბინეტთან დაკავშირებით ცალკეულ ოპოზიციურ ლიდერებთან, ენმ-ის ჩათვლით, მიმდინარეობს კონსულტაციები და ალტერნატიული მთავრობის შემადგენლობაზე შეთანხმება საჭიროა პარლამენტში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირებისთვის.

“ლელოს” წევრ ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, უნდობლობის პროცედურის ინიცირებისთვის ორი ხმა აკლიათ.

“დისკუსია გახსნილი გვაქვს ოპოზიციონერ კოლეგებთან, ვიხილავთ სხვადასხვა კონფიგურაციას, ჯერჯერობით ორი ხმა გვაკლია. იმედი მაქვს, ერთი პოლიტიკური ჯგუფი მაინც გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს უნდობლობის პროცედურის დაწყებას”, — განაცხადა ჯაფარიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელიც პოლიტიკური ჯგუფებისგან არ არსებობს თანხმობა.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ოპოზიციამ დისკუსია 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ დაიწყო. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე (50 დეპუტატი) მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება. თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი