ახალი ამბები

აქცია პარლამენტთან: პლაკატების გაკვრის მცდელობას ხმაური მოჰყვა

20 ივლისი, 2021 • 1380
აქცია პარლამენტთან: პლაკატების გაკვრის მცდელობას ხმაური მოჰყვა

თბილისში, საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან ჟურნალისტებისა და აქტივისტების პროტესტს ხმაური მოჰყვა. პროცესში პოლიცია ჩაერია მას შემდეგ, რაც 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა დასჯისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოს კედლებზე პლაკატების გაკვრა სცადეს.

მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტის ბიუროს სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. შეკრებილებს თან ჰქონდათ პლაკატები ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე, 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ლიდერების ფოტოებითა და წარწერებით: “დაისაჯოს ჰომოფობი”, “დაისაჯოს ძალადობის ორგანიზატორი”, “დაისაჯოს მკვლელი” და ა.შ.

ადგილზე მობილიზებული პოლიცია აქციის მონაწილეებს საშუალებას არ აძლევდა, პლაკატები ფასადზე გაეკრათ. ზოგიერთ შემთხვევაში პროტესტის მონაწილეებმა ეს შეძლეს, თუმცა “ტვ პირველის” მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ხევს პოლიციელი ფასადზე გაკრულ ერთ-ერთ პლაკატს.

“საბოლოო ჯამში, [პლაკატები] მაინც დავტოვეთ. კანონის მიხედვით ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკრათ. მათ[პოლიციას] აქვთ უფლება, დაგვაჯარიმონ. კანონით ჭიდაობის უფლება არ აქვთ. არც იმის უფლება აქვთ, არ გაგვაკვრევინონ. ჩვენ თუ ჩავდივართ დანაშაულს, ეს ნიშნავს იმას, რომ სასჯელი არის არა ის, რაც აქ ატყდა, არამედ 200-ლარიანი ჯარიმა”, – უთხრა “ტვ პირველს” ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

კიდევ ერთი ჟურნალისტის, გიორგი კიკაბიძის თქმით, რომელიც პარლამენტთან მივიდა გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ფოტოებით, მედიის წარმომადგენლები დაუცველნი არიან, ვინაიდან სახელმწიფო არ ჩქარობს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერების დასჯას.

“…ჩვენ ჯერჯერობით არ გვყავს დაკავებული არცერთი ორგანიზატორი; ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ გასცემდნენ დირექტივებს რუსთაველის გამზირზე, როგორ უნდა ეძალადათ და ეწამებინათ ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები.

დღეს ჩვენ ვართ დაუცველები. ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ჩქარობს. რატომ, არ ვიცით. ჟურნალისტებმა, მედიასაშუალებების 200-მდე წარმომადგენელმა შევიტანეთ წერილი [პროკურატურაში] ირაკლი შოთაძის სახელზე და მოვითხოვეთ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მოძალადეთა დასჯა, თუმცა ირაკლი შოთაძისგან ამ ეტაპზე პასუხი არ მიგვიღია.

მოთხოვნა არის უცვლელი: დაისაჯონ მოძალადეების ხელმძღვანელები…” ,— აღნიშნა კიკაბიძემ.

აქციის შემდეგ ჟურნალისტები პარლამენტის შენობაში შევიდნენ და ცდილობდნენ, მოესმინათ მმართველი პარტიის დეპუტატების პასუხები 5 ივლისის ძალადობაში დამნაშავეთა დასჯის საკითხსა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ათეულობით ჟურნალისტს სცემეს.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

რას აკეთებს შსს

შსს-ს განცხადებით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 22 პირი;
  •  “თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

დაკავებულებს შორის ძალადობრივი პროტესტის ლიდერები არ არიან. გასულ კვირას გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, ასევე, ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია და სხვები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს გამოსაკითხად. ყველა მათგანმა იმავე დღეს დატოვა განყოფილება.

გარდაცვლილი ოპერატორის საქმე

“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა  შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მედიის ორგანიზებით უკვე გაიმართა რამდენიმე აქცია პარლამენტთან, შსს-სთან და პროკურატურასთან.

შეიძლება, ლაშქარავას გარდაცვალება ზედოზირების შედეგი ყოფილიყო – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი