ახალი ამბები

ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

20 ივლისი, 2021 • 694
ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და მარნეულში 8 პირი დააკავა.

ყველა მათგანი “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული.

დაკავებულები არიან 1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად „ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა, რასაც ქურდული სამყაროსადმი მიმართვა მოჰყვა.

“ა.ო., სადავო საკითხის „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.ა-ს მეშვეობით დაუკავშირდა “ქურდული სამყაროს” წევრებს, ასევე, ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს.

ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევა მოაწყვეს.

დავის „ქურდული წესით“ გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან – ა.ო-სგან სადავო თანხას – 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა „ქურდული სამყაროს“ წესებს არ შეესაბამებოდა.”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი