ახალი ამბები

“ვერ ეღირსებიან” — თურნავა მთავრობის გადადგომაზე

20 ივლისი, 2021 • 1119
“ვერ ეღირსებიან” — თურნავა მთავრობის გადადგომაზე

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება.

“ჩვენ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვართ. ჩვენი პასუხისმგებლობა გამოიხატება იმაში, რომ შესაბამისი ორგანოები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ. საზოგადოება ამას ხედავს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა აგრესიაში, სათანადოდ დაისაჯოს — ეს არის ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა”, — განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებს ძალიან სურთ, “მთავრობა გადადგეს, იყოს ქაოსი, არეულობა და დესტრუქცია”, თუმცა მთავრობა ამას არ დაუშვებს.

“ჩვენ პასუხს ვაგებთ, რომ იყოს წესრიგი და განვითარება. შეიძლება, დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, რომ გადადგეს მთავრობა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, განვითარება. ამ პანდემიურ ვითარებაში ეკონომიკამ, როგორც იქნა, სული მოითქვა და პასუხს ვაგებთ, ეს პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდეს”, — განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე, მთავრობაში არის თუ არა პასუხისმგებლობის განცდა და თავს უხერხულად ხომ არ გრძნობენ, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს უპასუხა: “თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად, კოლეგის სახელით რომ სპეკულირებთ?”


შსს-ს განცხადებით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 22 პირი;
  •  “თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი