ნეტგაზეთი | მთავრობა კოლხეთის პარკთან ტორფის მოპოვების განახლებას აპირებს მთავრობა კოლხეთის პარკთან ტორფის მოპოვების განახლებას აპირებს – Netgazeti
RU | GE  

მთავრობა კოლხეთის პარკთან ტორფის მოპოვების განახლებას აპირებს

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოლხეთის ეროვნულ პარკთან ტორფის წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონში გამარჯვებულმა მხარემ ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 5  წლის ვადაში უნდა განახორციელოს 150 000 ლარის ინვესტიცია, ხოლო ერთი წლის ვადაში დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 10 მოქალაქე.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა ტორფის შესწავლა-მოპოვების დაწყებასთან დაკავშირებული ლიცენზიის შესაძლო გაცემას, რომ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს სააგენტოს მოთხოვნა, რომ ტორფის მოპოვების დაწყებამდე ჩატარდეს ჰიდროლოგიური, ქიმიური და გარემოზე ზემოქმედების კვლევა, ხოლო მოპოვება დაიწყება მას შემდეგ, რაც აღნიშნული კვლევებს განიხილავს და შეაჯერებს სააგენტო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ წიაღის ეროვნული სააგენტოსადმი 4 მაისს გაგზავნილ წერილში წერია, რომ წარსულში აღნიშნულ ტერიტორიაზე ტორფის მოპოვებამ დააზიანა პალიასტომის ტბის ეკოსისტემა. ასევე, ის საფრთხეს უქმნის ქ. ფოთის განაპირა ტერიტორიების ეკოლოგიურ წონასწორობას.

“აღნიშნული ობიექტი ესაზღვრება ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განლაგებულ პალიასტომის ტბას, რომელიც დაკავშირებულია შავ ზღვასთან და აღნიშნული წყლის ობიექტები წარმოადგენს ერთიან ჰიდროლოგიურ სისტემას.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ტორფის მოპოვება ორგანული მინერალური სასუქის დამზადების მიზნით დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იან წლებში და მიმდინარეობდა 90-იანი წლების დასაწყისამდე.

ღია კარიერული წესით მოპოვებულ ტორფში აკუმულირებული წყალში გახსნილი სხვადასხვა მომწამლავი ნივთიერებების ჩადინებამ პალიასტომის ტბაში საგრძნობლად გაზარდა ტბის ქიმიური და ბიოლოგიური დაბინძურების დონე, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მის ეკოსისტემაზე – ტბამ დაიწყო კვდომა და მისი სიღრმე საგრძნობლად არის შემცირებული, რაც დასტურდება ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული იქტიო და ჰიდროლოგიური კვლევებით.

ასევე, სხვადასხვა დროს განხორციელებული კვლევების შედეგებსა და რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ მალთაყვასა და იმნათის ტორფნარებში, ასევე, ე.წ. ნათხარებში ტორფის მოპოვება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ტერიტორიის დაღრმავება – ამ მონაკვეთში ტორფის მოპოვების შედეგად გამოიწვევს ზღვის წლის შემოდინებას და ქალაქ ფოთის განაპირა ფართობებისა და ზღვის სანაპიროს დატბორვას, ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის რღვევას”, – წერია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ წიაღის ეროვნული სააგენტოსადმი გაგზავნილ წერილში.

აუქციონის საწყისი ფასი 15 750 ლარია, ხოლო ბიჯის ფასი -1575 ლარი, ანუ, საწყისი ფასის 10 პროცენტი.

სტატიის გამოქვეყნების მომენტში ლოტზე არცერთი ბიჯი არ ფიქსირდება. eauction.ge-ზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, როგორც წესი, ბიჯებს ლოტის დროის გასვლის მოახლოებისას ათავსებენ.

კოლხეთის ეროვნული პარკი მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების IUCN მეორე კატეგორიას. 1997 წლიდან მას იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას.

ტორფი საუკუნეების განმავლობაში წარმოიქმნება ჭაობის მცენარეების ლპობის შედეგად. მას იყენებენ საწვავად, სასუქად და სხვა მიზნებისათვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან. ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com