ახალი ამბები

ხაზარაძე: საჭიროა ოპოზიციური კოალიცია და ჩრდილოვანი მთავრობა, ძალოვანი მინისტრები ენმ-მ არ უნდა დააკომპლექტოს

19 ივლისი, 2021 • 1175
ხაზარაძე: საჭიროა ოპოზიციური კოალიცია და ჩრდილოვანი მთავრობა, ძალოვანი მინისტრები ენმ-მ არ უნდა დააკომპლექტოს

პოლიტიკური პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე საჭიროა ოპოზიციურმა ძალებმა ქმედითი ნაბიჯები გადადგან დიდი კოალიციის შესაქმნელად.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე. “ლელოს” ლიდერი ხაზს უსვამს, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის მხრიდან მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები წარმოდგენილი არ იქნებიან და ეს პოსტები სამოქალაქო საზოგადოებიდან უნდა დაკომპლექტდეს:

“თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას” – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები უნდა გაიმართოს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშვებული შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, თუ ამ არჩევნებზე მმართველი პარტია ხმათა 43%-ს ვერ მიიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი