ახალი ამბები

დეკემბერში გვექნება შემდეგი სამიტი, გპირდებით, EU თქვენს სანდო პარტნიორად დარჩება – მიშელი

19 ივლისი, 2021 • 1250
დეკემბერში გვექნება შემდეგი სამიტი, გპირდებით, EU თქვენს სანდო პარტნიორად დარჩება – მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირი სანდო პარტნიორად დარჩება პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ამის შესახებ მან ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“2009 წელს პრაღის სამიტზე გადავწყვიტეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა და დღეს, 12 წლისთავზე, ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა უკვე რეალობად იქცა, სარგებელს აძლევს უკვე ყველა ქვეყნის მოქალაქეს. ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, მისწრაფებები, საჭიროებები. დეკემბერში ჩვენ გვექნება შემდეგი სამიტი ბრიუსელში, ყველას საჯაროდ გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის და საზოგადოების საკეთილდღეოდ”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის იმის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ქვეყნების ტრიოს ინიციატივაზე, რათა ბრიუსელთან კოორდინაცია გაძლიერდეს.

“ეს მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაძლიერების შესაძლებლობას უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქვს დასახული. დღეს ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მნიშვნელოვანია ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

მინდა, გავაკეთო კიდევ ერთი შემოთავაზება, მოდით, დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტული სამიზნე ორიენტირი და ვნახოთ, როგორი მხარდაჭერა შეიძლება იქნას მობილიზებული კავშირების გასამყარებლად ევროკავშირთან. ძვირფასო მეგობრებო, მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი, რომლის ტრანსფორმაციაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობას და ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი გახსნილობისა და საერთო თანამშრომლობისთვის.

“ვახსენე ერთი თაობა დამოუკიდებლობისა, თქვენ დამოუკიდებლები მხოლოდ ერთი თაობის განმავლობაში ხართ და ამ დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიის, მეტი სტაბილურობის, მეტი კეთილდღეობის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალხის კეთილდღეობის საქმეში”, – განაცხადა შარლ მიშელმა.


დღეს, 19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც 3 ქვეყნის პრეზიდენტი ესწრება – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მარია სანდუ.

საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობაა.

მეორე პანელზე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე.

კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი