ახალი ამბები

უზენაესში მოსამართლეთა სწრაფი დანიშვნა დაკარგული შესაძლებლობაა — მიშელი

19 ივლისი, 2021 •
უზენაესში მოსამართლეთა სწრაფი დანიშვნა დაკარგული შესაძლებლობაა — მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დაჩქარებული დანიშვნა “დაკარგული შესაძლებლობაა. ამის შესახებ მან დღეს, 19 ივლისს, ბათუმში მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღების წინაპირობაა.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა”, — განაცხადა შარლ მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის მისი მთავარი გზავნილი 19 აპრილის შეთანხმების განხორციელებაა. მისი თქმით, ამ შეთანხმების შესრულება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.

მისივე თქმით, დღეს გამართულ ყველა შეხვედრაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას გაუსვა ხაზი.

“მთავარია ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ის თავისუფლება, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. კონსტიტუციური უფლება – პრესის და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. მე ვარ კმაყოფილი, რომ შეთანხმების ყველა ხელმომწერი თავის ვალდებულებას ასრულებს. ეს არის გზა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ქვეყანაში გაერთიანებული. ასევე, მოვუწოდებ ყველას, ვისაც ხელი არ აქვს მოწერილი ამ შეთანხმებაზე, ხელი მოაწეროს”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი რეგიონული ტურის ფარგლებში საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი