ახალი ამბები

შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება

19 ივლისი, 2021 • 582
შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციას ხვდება.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ისაუბრებენ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, მოსამართლეების დანიშვნით 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაზე.

“თავდასხმა ჟურნალისტებზე, უმცირესობებზე, შს მინისტრის და პრემიერის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება ჩვენი ძირითადი გზავნილები მიშელთან”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

“ჩვენი მთავარი გზავნილი არის დაკავშირებულია შეთანხმების შესრულების და არშესრულების იმ ნაწილთან, რომელიც უკავშირდება სასამართლოს. “ქართულმა ოცნებამ” სასამართლოში დანიშნა 6 მოსამართლე, რომლებიც, ჩემი აზრით, ვერც კეთილსინდისიერების და ვერც პროფესიონალიზმის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდნენ. გარდა ამისა, ეს დანიშვნა ეწინააღმდეგებოდა შარლ მიშელის შეთანხმებას. მე ველი, რომ მომთხოვნი და მკაცრი იქნება მისი გზავნილები სასამართლოსთან დაკავშირებით”, — განაცხადა “მოქალაქეების” წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

სასამართლოს ნაწილში შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდიც, რომელსაც შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილი წარმოადგენს.

“გვექნება საფუძვლიანი საუბარი იმაზე, თუ რა მექანიზმის ამუშავება შეუძლია ევროკავშირს იმისთვის, რომ  აიძულოს ხელისუფლებას, გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც ელოდება ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოებაც. ევროკავშირის დახმარება არ არის უპირობო. ეს დახმარება, პირველ რიგში, სწორედ დამოკიდებულია მიშელის შეთანხმების შესრულებაზე”, — განაცხადა, თავის მხრივ, სალომე სამადაშვილმა.

შარლ მიშელი რეგიონული ტურის ფარგლებში საქართველოში 18 ივლისს  ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად– “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია”. ვიზიტის ფარგლებში მან პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/355870/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი