ახალი ამბები

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

18 ივლისი, 2021 • 1040
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიონალი წევრები ვერ აირჩია.

პირველი კენჭისყრის კვორუმად დადგენილი იყო ხმათა ორი მესამედი, ანუ 100 ხმა, თუმცა იგი პარლამენტისთვის წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

იმ შემთხვევაში, თუ ორი მესამედით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ ორ მესამედიანი კვორუმით უნდა ჩატარდეს.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევა ისევ ვერ მოხერხდა, საჭირო იქნება ხმათა სამი მეხუთედი ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისათვის 76 ხმა საკმარისი იქნება.

თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია, ხოლო სხვა შემთხვევაში – 6 თვე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სექტემბერში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი