შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ. დააკა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
შსს-ს განცხადებით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.