ახალი ამბები

რაგბის ნაკრების მწვრთნელი მართვით სუნთქვაზეა – ის კოვიდით დაინფიცირდა სამხრეთ აფრიკაში

16 ივლისი, 2021 • 3257
რაგბის ნაკრების მწვრთნელი მართვით სუნთქვაზეა – ის კოვიდით დაინფიცირდა სამხრეთ აფრიკაში

საქართველოს სარაგბო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა, მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს და მართვით სუნქთვაზე იმყოფება.

„სამხრეთ აფრიკასთან თამაშის შემდგომ გუნდში გამოვლინდა კოვიდით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის დაინფიცირდა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომლის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე“, – აცხადებენ პრესცენტრში.

მათ თანახმად, მაისაშვილს აღენიშნება ფილტვების დაზიანება და გადაყვანილია ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე.

„მისი მკურნალობის პროცესში ჩართულია როგორც ქართული, ისე სამხრეთ აფრიკის მხარე, საქართველოს რაგბის კავშირი და მისი სამედიცინო ჯგუფი, ადგილზე იმყოფება გუნდის ექიმი ნუცა შამათავა. ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს კონსული სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი“, – მოგვწერეს ნაკრების პრეს-ცენტრიდან.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მომდევნო დღეებში გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ლევან მაისაშვილი დღეს გადაიყვანეს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ მაღალი დონის კლინიკაში, რომელიც უახლესი სამედიცინო აღჭურვილობით მართავენ კოვიდ-ინფოცირებულ პაციენტებს“, – აცხადებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების პრეს-ცენტრში.

ამასთან, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, მაისაშვილის სიცოცხლისთვის ილოცონ და ვაქცინაცია ჩაიტარონ.

„ლევან მაისაშვილი, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ახლა სამხრეთ აფრიკაში უმძიმეს მდგომარეობაშია. კოვიდისგან მას ფილტვები საკმაოდ დაზიანებული აქვს და სიცოცხლისთვის იბრძვის. ყველას მოვუწოდებ, რომ მისთვის ილოცონ… აქვე მოვუწოდებ ყველას, რომ ისევ ვაქცინაციას მივყოთ ხელი“, – განაცხადა ტყემალაძემ 15 ივლისს რადიო „ჯორჯიან ტაიმსთან“ ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი