ახალი ამბები

აშშ-ის განცხადებები ნაჩქარევი არაა და სერიოზულად უნდა იქნას განხილული- დეგნანი

16 ივლისი, 2021 • 1890
აშშ-ის განცხადებები ნაჩქარევი არაა და სერიოზულად უნდა იქნას განხილული- დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ნაჩქარევი არაა და სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

“სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და აშში-ს საელჩომ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე სახელმწიფო მდივანმა ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ მიუხედავად მოწოდებებისა, ეს პროცესი[მოსამართლეთა დანიშვნა] დროებით შეჩერებულიყო, ასე არ მოხდა. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად დადეს პირობა, რომ ეს პროცესი შეჩერდებოდა და პარლამენტს ჰქონდა ამის უფლებამოსილება, რომ ეს პროცესი შეეჩერებინა.

განცხადებები, რაც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის, საელჩოს და სახელმწიფო მდივნის მიერ, არ არის ნაჩქარევად გაკეთებული.  ეს გზავნილები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთებას გამოხატავს, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას განხილული  და არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაჩქარევად გაგეკეთებული განცხადებები”, –  განაცხადა კელი დეგნანმა.

14 ივლისს “ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “სამწუხაროდ, საერთაშორისო პარტნიორებიც ხანდახან აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს”, რითაც მან კელი დეგნანის განცხადებაზე მიანიშნა. დეგნანმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა სიტუაციის განსამუხტად წამყვანი როლი უნდა ითამაშოს  და, სამწუხაროდ, მათ ეს ვერ დაინახეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა საქართველოში 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლების რიგი წარმომადგენლებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობას. პრაისის თქმით, სანქციებზე წინასწარ არ ლაპარაკობენ, თუმცა მოვლენებს თვალს ახლოდან ადევნებენ.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტოტონი ბლინკენი საქართველოში უზენაეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ეხმაურება.

ის წერს, რომ აშშ ღრმად შემაშფოთებელია კანდიდატთა ამ სიის დანიშვნით და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნით, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმა საქართველოს წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – წერს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი