ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ეს არის პროპაგანდა და მეტი არაფერი” – საქართველოს მოქალაქეები მოსკოვის ანგარიშზე

16 ივლისი, 2021 • 9817
“ეს არის პროპაგანდა და მეტი არაფერი” – საქართველოს მოქალაქეები მოსკოვის ანგარიშზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ივლისს გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით  “ადამიანის უფლებების შესახებ ცალკეულ ქვეყნებში” , სადაც ნათქვამია, რომ სომხურ თემს სამცხე-ჯავახეთში ავტონომიის შექმნის სურვილი აქვს.

საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხების განცხადებით, აღნიშნული ანგარიში პროპაგანდისტულია და ქართველებსა და სომხებს შორის უთანხმეობის გაჩენის მიზანს ემსახურება.

ნეტგაზეთთან საუბრისას ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად კვლავ არსებული პრობლემებისა, ინტეგრაციის პროცესის წინსვლა შესამჩნევია, ხოლო ჯავახეთში ავტონომიის შექმნის მოთხოვნაზე აპელირება უსაფუძვლოა.

ედვარდ შაიბეკიანი სამცხე-ჯავახეთიდან 

მართალია, რომ ენის ბარიერი კვლავ არსებობს, რადგან წარსულში ქართული ენა სომხურ სკოლებში ცუდად ისწავლებოდა, მაგრამ დღევანდელ ვითარებაზე რომ ვისაუბროთ, ჩემმა თაობამ და კიდევ უფრო პატარებმა კარგად იციან ენა.

მოქმედებს ქართული ენის სკოლები, სადაც ასწავლიან ქართულ ენას ყოველგვარი საფასურის გარეშე. ასევე, უნივერსიტეტებში მოქმედებს 4+1 პროგრამა, რომლითაც მეც ვისარგებლე.

ადრე ახალგაზრდები სომხეთში მიდიოდნენ სასწავლებლად, მაგრამ ახლა ისინი საქართველოშივე რჩებიან სწავლის გასაგრძელებლად.

მეორე მხრივ, დღეს გაზრდილია კავშირი თბილისთან. ადრე თუ ადამიანები ერევანში მიდიოდნენ რაიმე საქმის მოსაგვარებლად, დღეს თბილისში მიდიან, რაც ნიშანია იმის, რომ ინტეგრაცია იზრდება.

ჯავახეთში უმეტესობას წარმოადგენს სომხური თემი, მაგრამ ავტონომიის მოთხოვნა არის რუსული პროპაგანდის გამოხატულება. რუსეთი ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს საქართველოზე და ამისთვის იყენებს ეთნიკურ უმცირესობების პრობლემატიკას.

როდესაც საქართველოში პრობლემები ეთნიკურ ნიადაგზე ხდება, მაგალითად, დმანისში, ამას რუსეთი იყენებს სათავისოდ. მისი სურვილია, რომ შექმნას უკმაყოფილება ეთნიკურ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.

2020 წელს მომხდარი ყარაბაღის ომის გავლენა დიდია საქართველოზე, რადგან აქ ცხოვრობენ როგორც სომხები, ისე აზერბაიჯანელები. მე მაქვს აღქმა, რომ გარედან ცდილობენ, შექმნან დაპირისპირება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ეს თავისთავად არის პრობლემა, რადგან თუ საზოგადოებაში არის დაპირისპირება, საბოლოო შედეგია საზოგადოების დაქუცმაცება და ქვეყნის დასუსტება.

ამიტომ მიმაჩნია, რომ რუსეთის ანგარიში არის პროპაგანდა და მეტი არაფერი.

მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად პროგრესისა, კიდევ არსებობს ინტეგრაციის პრობლემები და სწორედ ამიტომაა ეს თემა გამოყენებული სხვა ქვეყნების მიერ.

თუ სომხებისა და აზერბაიჯანელების საზოგადოებაში ინტეგრაცია უფრო მაღალი იქნებოდა, დამაჯერებელი ვერ იქნებოდა ეს ყველაფერი [თითქოს ავტონომიის შექმნის სურვილი] რიგითი ქართველებისთვის.

თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ვართ საქართველოს შვილები. ჩვენ დავიბადეთ საქართველოში და ის ჩვენი სამშობლოა. სამშობლოში ავტონომიის მოთხოვნა არის სასაცილო და დამამცირებელი.

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ქართველმა დაიჯეროს, რომ სომეხს, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, უნდა ავტონომია. მე ვარ ამ ქვეყნის ისეთივე შვილი, როგორიც სხვა. მე არავითარი ავტონომია არ მინდა, ეს არის ჩემი სამშობლო.

ნორო გასპარიანი ქვემო ქართლიდან

ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები, მაგალითად, ენის სწავლების პრობლემები,  მაგრამ რომ შევადაროთ გასულ წლებს, დიდ განსხვავებას დავინახავთ.

მეორე, ჩემთვის რაც ნათელი გახდა, სეპარატიზმზე ერთადერთი ვინც საუბრობს – ეს არის რუსეთი. აქამდეც ვინც ამაზე საუბრობდა, ან ირიბად, ან პირდაპირ იყო რუსეთის ინტერესების გამტარი.

რაც შეეხება ჯავახეთს, სეპარატიზმზე რაიმე სახის განცხადება იქ მცხოვრები სომხებისგან ბოლო წლების განმავლობაში არ მახსოვს. სეპარატიზმზე კი არა, მეტი დეცენტრალიზაციის კუთხითაც კი არ არის საუბარი.

რუსეთი ცდილობს ეთნიკური უმცირესობის თემაზე განხეთქილება შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში და ილუზია შექმნან, რომ რაღაც კუთხეებს სურთ სეპარატიზმი.

დავით გულიკიანი თბილისიდან

დღევანდელი ვითარება შევადაროთ 20-30 წლის წინანდელ სიტუაციას. მაშინ სომხური მოსახლეობა ქართულ საზოგადოებაში საერთოდ არ იყო ინტეგრირებული. ეს ქმნიდა ორ ძირითად პრობლემას. პირველი, ახალგაზრდები, რომლებმაც არ იცოდნენ სახელმწიფო ენა, მიდიოდნენ სომხეთში სასწავლებლად, რის შემდეგაც ბრუნდებოდნენ უკან, მაგრამ იმის გამო, რომ მათ ქართული არ იცოდნენ, აქ პრობლემები ექმნებოდათ სამუშაოს მოძიების კუთხით.

მეორე პრობლემა არის, რომ ის ახალგაზრდობა, რომელმაც შეიძლება შეიტანოს წვლილი საქართველოს განვითარებაში, ქვეყნიდან გადიოდა და არანაირ მონაწილეობას აღარ იღებდა ქვეყნის განვითარებაში. იკარგებოდა ძალიან დიდი ადამიანური რესურსი.

დღევანდელობას რომ შევადაროთ, ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი ჩამოდის თბილისში და აქ იღებენ განათლებას. ენის პრობლემა, რა თქმა უნდა, კვლავ არსებობს, მაგრამ ახალგაზრდების მოტივაციაა, რომ თბილისში ჩამოვიდნენ და ენა შეისწავლონ და განათლება მიიღონ. ამ მხრივ არსებობს რეალური წინსვლა და, ვფიქრობ, ეს შეუქცევადი პროცესი გახდება. რეგიონებიდან მეტი ადამიანი მიიღებს განათლებას თბილისში და ამით დასრულდება ინფორმაციული ვაკუუმი.

ოფიციალურ დონეზე საკითხი არასდროს არ დამდგარა, რომ ჯავახეთში ავტონომია შექმნილიყო.

შესაძლოა, იყოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი, რომელსაც უნდა, რომ ჯავახეთში ავტონომია შეიქმნას, მათ შორის სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ხალხს, მაგრამ მათ რეალურად ავტონომიის შექმნა კი არ სურთ, არამედ აქვთ პირადი მიზნები.

ზოგადად, ავტონომია საჭიროა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს იდენტობა და რელიგია. ჯავახეთში ამ ეტაპზე ასეთი პრობლემები არ არის. თუ დავინახეთ, რომ მოსახლეობას რაიმე პრობლემები შეექმნა ამ კუთხით, შეიძლება ვიღაცამ მოითხოვოს ავტონომიის შექმნა, მაგრამ ამ დონეზე არ უნდა მივიდეთ. ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ არც მოსახლეობის ინტეგრაცია არ უნდა შეჩერდეს და არც იდენტობას დაუდგეს საფრთხე.

ზოგადად, ავტონომია ნორმალურ ქვეყნებსა და რეგიონებში არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ამას ჩვენს რეგიონში ვერ გავაკეთებთ. 30 წლის წინანდელი ამბები რომ გავიხსენოთ, მივხვდებით, რა შედეგები მოუტანა ავტონომიებმა ქვეყანას. ვგულისხმობ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებს.

3000 წელია, რაც ერებად ვარსებობთ, როგორც ქართველები, ისე სომხები. ეს ძალიან დიდი დროა. ჩვენი სერიოზული პრობლემაა, რომ ისტორიიდან დასკვნებს ვერ ვაკეთებთ. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ იმპერიების პოლიტიკა პატარა ერების მიმართ არ იცვლება.

გავიხსენოთ ბიზანტია, მან იმდენი ხანი იბრძოლა საქართველოსა და სომხეთის წინააღმდეგ, რომ ბოლოს საკუთარი თავი გამოფიტა და თურქ-სელჩუკებთან დამარცხდა. იგივეს აკეთებს რუსეთიც.

ინტეგრაციაში ხელის შემშლელია ისეთი საკითხები, რომლებიც კვლავ ვერ მოგვარდა, მაგალითად, ეკლესიების საკითხი. როდესაც ხარ ჯავახეთიდან და იგებ, რომ სომხური ეკლესიები ინგრევა და არ აკეთებენ, ცხადია, ასეთი საკითხები ხელს უშლის ინტეგრაციის პროცესს. ვფიქრობ, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და სომხურმა და ქართულმა ეკლესიებმა უნდა გადაწყვიტონ და არ უნდა გახდეს კამათისა და ჩხუბის საბაბი.

მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ იცნობს ჯავახეთში მცხოვრებ მოსახლეობას. ფიქრობენ, რომ შეიძლება იყოს სეპარატისტული გამოვლინებები, რაც რეალურად არასდროს არ ყოფილა.

ამ თემაზე არის მუდმივი სპეკულაციებია, თუმცა, სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი იჯერებს ამას. მინდა მოვუწოდო უბრალო ხალხს, რომ გადაამოწმონ ნებისმიერი გავრცელებული ინფორმაცია და გაიგონ წყაროს შესახებ. ეს ძნელი არ არის. თქვენ თვითონვე მიხვდებით, თუ რა დგას ამ ყოველივეს უკან.

მასალების გადაბეჭდვის წესი