მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ჟურნალისტები ჯერ კიდევ 5 ივლისის საღამოს ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებების ფონზე, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიცია შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი და მან ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.
ამერიკელი სენატორი ბენ კარდინი, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ერთ-ერთი ლიდერია, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობა „სამარცხვინოა“. მის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
„5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ“, – წერია შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის მიერ „ამერიკი ხმისთვის“ გაგზავნილ წერილობით პასუხში.
„ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ“, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს სენატორი კარდინი აწერს.
„სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ“, – აცხადებს იგი.
ჰელსინკის კომისია აშშ-ის სამთავრობო სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა. ამჟამად 57 ქვეყანაში ადევნებს თვალყურს ადამიანის უფლებებს.
5 ივლისის ძალადობა და გარდაცვლილი ოპერატორის საქმე
“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.
მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.
ამ დროისთვის “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, 5 ივლისს, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 19 პირი;
- ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
- 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
ნახეთ ასევე:
ზედოზირების ბრალდებას ავტოკრატიული მთავრობები იყენებენ – აშშ-ის ყოფილი ელჩები







