ახალი ამბები

“დაისაჯონ დამნაშავეები!” — აქცია შსს-სთან ლექსო ლაშქარავას ფოტოებით

15 ივლისი, 2021 • 1378
“დაისაჯონ დამნაშავეები!” — აქცია შსს-სთან ლექსო ლაშქარავას ფოტოებით

ალექსანდრე ლაშქარავაზე მოძალადეების, ასევე, 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების სხვა მონაწილეებისა და ორგანიზატორების დასჯის მოთხოვნით ჟურნალისტები თბილისში, შსს-ს შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები, რომელთაც ხელში გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოები ეჭირათ, აღნიშნავდნენ, რომ ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი კი — გადადგეს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც არის დამნაშავე და ვისაც წვლილი მიუძღვის ლექსოს გარდაცვალებაში —  ვგულისხმობთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომელთაც თავიანთი უმოქმედობით და ე.წ. ვერსიებით ჩაიდინეს დანაშაული — დაისაჯონ. ასევე, იმ რადიკალებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელშეუხებელნი არიან. სწორედ ამიტომ მოვედით აქ და მოვაკითხეთ იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც რატომღაც მედიის წარმომადგენლების ხმა არ ესმის”, — უთხრა “ნეტგაზეთს” “მთავარი არხის” ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა.

“ტვ პირველის” წამყვანმა ეკა მიშველაძემ, რომელიც ასევე იმყოფებოდა აქციაზე, აღნიშნა, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება 5 ივლისის პროცესებზე პასუხისმგებლობას არ აიღებს და პრემიერ-მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს. ამ მოთხოვნით 15 ივლისს ოთხმა ტელევიზიამ, მათ შორის, “ტვ პირველმა”, 24 საათით მაუწყებლობაც შეწყვიტა.

ჟურნალისტების აქცია შსს-სთან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ძალიან მინდა, რომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩაიდინა; იმაზე, რომ მათ წაახალისეს მოძალადეები და ისინი გახდნენ მოძალადეების მოკავშირეები. ძალიან მინდა ეს, თუმცა, რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს, რადგან მათი ყოველდღიური რიტორიკა სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

მათ აამუშავეს ე.წ. ორკების მანქანა, კიდევ უფრო მეტ ტალახს ისვრიან და უფრო მეტი ტყუილის ტირაჟირებას ახდენენ, რაც ძალიან სასაცილოა და მეტყველებს იმაზე, რომ ეშინიათ. ტყუილად არ ეშინიათ, რადგან ალბათ გრძნობენ, რომ მათი ხელისუფლება სრულდება: ის ხელისუფლება, რომელიც მოძალადეების გვერდითაა, ხელმძღვანელობს და ახალისებს მათ.

ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე მოძალადეების წამხალისებელი ხელისუფლება და უფრო კონკრეტულად, ირაკლი ღარიბაშვილი, [სხვებთან ერთად] არ წავა. შაბათს იქნება დიდი საპროტესტო აქცია,რუსთაველის გამზრიზე. პროტესტი გაგრძელდება ყველგან, ყველანაირი ფორმით, როგორც ეთერებში, ასევე, ეთერს მიღმა. ასე რომ, ყველაფერი ახლა იწყება”,  — თქვა მიშველაძემ.

5 ივლისის ძალადობა და გარდაცვლილი ოპერატორის საქმე

“ტვ პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში სცემეს. ოპერატორმა მძიმე დაზიანებები მიიღო: აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით.

მეორე დღეს შსს-მ თქვა, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, შუალედური დასკვნით, შესაძლოა, ნარკოტიკული ზედოზირება ყოფილიყო. ასევე დასახელდა ის ნივთიერებები, რომელიც, უწყების ცნობით, ლაშქარავას სხეულში აღმოჩნდა, თუმცა  შსს-ს წარმომადგენელს არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მან ამის შესახებ მხოლოდ სავარაუდო ინფორმაცია გაავრცელა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ჟურნალისტები ჯერ კიდევ 5 ივლისის საღამოს ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებების ფონზე, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიცია  შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი და მან ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

ამ დროისთვის “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, 5 ივლისს, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 19 პირი;
  • ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი