ახალი ამბები

გერმანიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

15 ივლისი, 2021 • 2386
გერმანიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობას, სულ მცირე, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით პირს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც Reuters წერს, წყალდიდობა რეკორდული ნალექის შედეგად მდინარეების ადიდებამ გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა კი სახლები წაიღო. გარდაცვლილთა შორის არიან მეხანძრე-მაშველებიც. სამაშველო ოპერაციის დროს ერთი მეხანძრე დაიხრჩო, ერთი კი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა.

მოქალაქეების ნაწილმა წყალმოვარდნისგან თავის დასაღწევად თავი შეაფარა სახლების სახურავს. 50-მდე ადამიანი პოლიციამ დატბორილი რეგიონიდან ვერტმფრენებით გამოიყვანა.

როგორც გამოცემა წერს, მხოლოდ ლევერკუზენის საავადმყოფოდან ბოლო 24 საათში 400-მდე მოქალაქის ევაკუაცია მოხდა. მეტეოროლოგიური სამსახურების განცხადებით, მოსული ნალექის რაოდენობა რეკორდული იყო.
სამაშველო ოპერაციაში ქვეყნის ხელისუფლებამ ჯარი ჩართო.

როგორც BBC წერს, ეიფელის რეგიონში 25-მდე სახლი ამ დრომდე ჩამონგრევის საშიშროების ქვეშაა. სახლების ნაწილამდე მისვლა ამ დრომდე შეუძლებელია, ვინაიდან მაშველები მათ სიახლოვეს ნავით მისვლასაც ვერ ახერხებენ.

სტიქიის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაც. ფუნქციონირება შეაჩერა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებმა, მათ შორის დაიკეტა სკოლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი