ახალი ამბები

“ოცნება” პროტესტის გამო 4 ოპოზიციურ ტელეარხს ინტერვიუს აღარ მისცემს

15 ივლისი, 2021 • 1129
“ოცნება” პროტესტის გამო 4 ოპოზიციურ ტელეარხს ინტერვიუს აღარ მისცემს

“ქართული ოცნების” წევრები იმ 4 ტელევიზიასთან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, კომენტარს აღარ გააკეთებენ. ამის შესახებ დღეს, 15 ივლისს, ჟურნალისტებს დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანია.

მისი თქმით, “ოცნების” წევრები ამ ტელევიზიებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ “უზნეო კამპანია” იქნება.

ბოიკოტზე არ მოვდივართ, კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ამ ტელევიზიების ხელმძღვანელები და მათ შორის სახეები დაკავებული არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით და პოლიტიკურ მოღვაწეობაში შემოდიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდის დაწერით, მანამდე კომენტარს არ გაძლევთ[…] მანამ, სანამ არის უზნეო კამპანია, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით, მანამდე კომენტარს არ ვაძლევთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

ნეტგაზეთი “ქართული ოცნებისგან” ელოდება დამატებით პასუხს, რა ფორმატით გააგრძელებენ ისინი აღნიშნულ მედიებთან ურთიერთობას.

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად “ტვ პირველმა“; „ფორმულამ“; „მთავარმა არხმა“ და „კავკასიამ“  24 საათით მაუწყებლობას შეწყვიტეს. ტელეკომპანიების ეთერებში იმ ჟურნალისტთა სია ჩანდა, ვისაც 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს თავს დაესხნენ – ისინი დაშავდნენ ან/და მათ მუშაობაში ხელი შეუშალეს. სიის ბოლოს კი წარწერა – „გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!“


ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მასზე იმ დროს იძალადეს, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

გარდაცვალებიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ განიხილავს ნარკოტიკით ზედოზირების ვერსიასაც. ორი დღის განმავლობაში უწყებამ რამდენიმე ბრიფინგი გამართა და რამდენჯერმე ახსენა, რომ გარდაცვალებამდე ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა.

საბოლოოდ, შსს-მ 12 ივლისს თქვა, რომ ქიმიური ექსპერტიზის შუალედური ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ზედოზირება ყოფილიყო.

თუმცა უწყებას არ უთქვამს, დაადგინა თუ არა სიკვდილის მიზეზი ექსპერტიზამ და გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი აღმოჩენილი ნივთიერებები. მათ ამის შესახებ მხოლოდ თავიანთი ვარაუდი გაავრცელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი