ახალი ამბები

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მოძალადე კიდევ 2 პირი დავაკავეთ — შსს

15 ივლისი, 2021 • 713
“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მოძალადე კიდევ 2 პირი დავაკავეთ — შსს

შსს-მ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი — 1988 წელს დაბადებული ვ. ბ. და 1988 წელს დაბადებული დ. ქ. დააკავა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ვ.ბ-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა დ.ქ-მ იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, 5 ივლისს, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 19 პირი;
  • ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი