ახალი ამბები

ცხედარი კოვიდმიმღებში, პაციენტებთან — კლინიკა ბრალდებას უარყოფს

14 ივლისი, 2021 •
ცხედარი კოვიდმიმღებში, პაციენტებთან — კლინიკა ბრალდებას უარყოფს

სოფიკო მეგრელიძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელიც 13 ივლისს კოვიდსასტუმროდან ანალიზებზე გადაიყვანეს. თუმცა ის იხსენებს, რომ საავადმყოფოს რეგისტრატურასთან მას და კიდევ 20-მდე ადამიანს ცხედრებთან დგომა მოუწიათ.

„პირველ სამედიცინო ცენტრში“ ამ ცნობას უარყოფენ და ამბობენ, რომ მორგი საერთოდ არ აქვთ. ცხედრებისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახი კი მესამე სართულზეა. დირექტორი ზაზა ავალიანი უშვებს იმ შესაძლებლობას, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე შესაძლოა, ვინმეს ენახა გარდაცვლილი, თუმცა, არა რამდენიმე ერთდროულად.

რას ჰყვება თვითმხილველი?

მას შემდეგ, რაც სოფიკო მეგრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურეს, სამკურნალოდ კოვიდსასტუმროში გადავიდა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ის და კიდევ 20-მდე ადამიანი, რომლებიც ასევე კოვიდსასტუმროში იმყოფებოდნენ, აუცილებელ ანალიზებზე კლინიკაში გადაიყვანეს.

თავდაპირველი გეგმის თანახმად, მოქალაქეები ანალიზებზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ორშაბათობით იქ ე.წ. კატეს (კომპიუტერული ტომოგრაფია) არ იღებენ. შესაბამისად, ნაძალადევში, „პირველ სამედიცინო ცენტრში“ მიიყვანეს.

„მთავარ მისაღებში გვითხრეს, რომ აქედან ვერ შემოხვალთო, დაგვარტყმევინეს წრე, შენობის უკანა მხარეს იყო ეს კოვიდმიმღები. იქ ვიდექით, აქვე უნდა დაწყებულიყო რეგისტრაცია. ამ დროს მოვიდა სასწრაფო. დევს სასახლეც. ძალიან შევშფოთდი, შევედი ამ მიმღებში და ველოდები რეგისტრაციას.

დავინახე, რომ დგას საავადმყოფოს საწოლი, დავაკვირდი და მივხვდი, რომ მიცვალებული წევს ამ საწოლზე. ძალიან ცუდად გავხდი, ამიტყდა ტირილი, გავიქეცი გვერდითა ეზოში. დავიწყე ტირილი, ვამბობდი, რომ იქ ვერ შევიდოდი. ამ დროს გამოვიდა კიდევ ერთი ქალი ბავშვთან ერთად, რომელიც ასევე ტიროდა.

გამოვიდა კიდევ ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ მიცვალებული მათ თვალწინ ჩააწვინეს კუბოში და წაიყვანეს. გავბრუნდი, შევედი სათქმელად, რომ კლინიკაში არაფერს გავიკეთებდი, გავიხედე და დავინახე, რომ კედელზე კიდევ ერთი კუბო იყო აყუდებული“ ,— იხსენებს სოფიკო მეგრელიძე.

ამის შემდეგ ქალი ავტობუსში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე საათი ლოდინი მოუწია —კოვიდსასტუმროს პაციენტებისთვის ავტობუსის დატოვება არ შეიძლებოდა. ამ პერიოდში რამდენიმე მათგანმა ანალიზების ჩაბარება მოასწრო. ისინი ასევე ამბობდნენ, რომ იქ ყოფნის დროს კიდევ ორი მიცვალებული ნახეს.

„ისეთი სტრესი მაქვს, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ. რომ მახსენდება, ვკანკალებ. ისედაც სტრესია კოვიდი, ამან კი საერთოდ…“, — ამბობს სოფიკო მეგრელიძე.

ნეტგაზეთთან საუბარში საავადმყოფოს დირექტორი ზაზა ავალიანი ამ ინფორმაციას უარყოფს.

„ჩვენ არანაირი მორგი არ გაგვაჩნია, გვაქვს გვამის დაყოვნების ოთახი, რომელიც არის მესამე სართულზე. და მე არ ვიცი.. სოციალურ ქსელებში ათასი ტყუილ-მართალი ვრცელდება“, — ამბობს ნეტგაზეთთან კლინიკის დირექტორი ზაზა ავალიანი.

ჩვენს დამატებით კითხვებზე ის პასუხობს, რომ საავადმყოფოში ცხედრები არ აქვთ:

„საავადმყოფო ვართ, სასაფლაო კი არა“.

„საავადმყოფოს ტერიტორიაზე ვინმეს შეიძლება… გარდაცვლილი გაიყვანეს საავადმყოფოდან და აი, ამას შეესწრო იქ მდგომი ადამიანი. აქ ლაპარაკი არის სასტუმროდან მოყვანილ პაციენტებზე, რომელიც კვლევას ელოდებოდა და იდგა რიგში.

18 პაციენტი გამოუშვა კოვიდ სასტუმრომ ანალიზის კვლევებისთვის, ეს ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან მათ ეს სჭირდებათ. შეიძლება, ეზოში ვინმე იდგა და ამ დროს ჩაიარა მიცვალებულის მანქანამ… მაგრამ დაზუსტებით არაფერი შემიძლია გითხრათ“, — განმარტავს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი