ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია” | კალაძე ბაქოში

14 ივლისი, 2021 • 1329
“ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია” | კალაძე ბაქოში

აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია და აზერბაიჯანის მედია ავრცელებენ.

თბილისის მერიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები.

„მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და, როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, – აცხადებს კახა კალაძე.

მერიის ცნობით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში.

„მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, – ციტირებს ილჰამ ალიევს უწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი