ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძის რეინკარნაცია

3 თებერვალი, 2015 • 1062
ნინო ბურჯანაძის რეინკარნაცია

– ქალბატონო ნინო , იქნება თუ არა გაზაფხულზე არჩევნები და რომელი არჩევნები იქნება _ საპარლამენტო , საპრეზიდენტო თუ ორივე ერთად ?

_ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის , რომ ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები . ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა მმართველობის ის სტილია , რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრა . აჭარაში შეიცვალა მმართველი , მაგრამ მართვის ის სტილი და სისტემა , რომელიც თავის დროზე აქ ასლან აბაშიძემ დაამკვიდრა , რომელიც იყო ადამიანების დატერორების , დაშინების სისტემა , ამჟამად სააკაშვილმა მთელ საქართველოში გაავრცელა . რეალობის შეცვლას სერიოზული ბრძოლა სჭირდება . ამისათვის ჯერ საპრეზიდენტო და მერე საპარლამენტო არჩევნებია საჭირო .

_ როგორ აპირებთ ამის მიღწევას ?

_ ძალიან მნიშვნელოვანია , რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ . საჭიროა ისეთი აქტიურობა , რაც დღეს იყო გამოხატული . ჩვენ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას , რომ მას აღარ აქვს მხარდაჭერა . მშვიდობიანი გზებით უნდა ვაიძულოთ , დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები . მის ადგილზე ნებისმიერი თავმოყვარე პრეზიდენტი დიდი ხნის გადამდგარი იქნებოდა . როგორც ჩანს , სააკაშვილისთვის თავმოყვარეობაზე უფრო მეტი ღირებულება სავარძელს აქვს . 

_ ამ საქმეში ირაკლი ალასანიას რამე გამოკვეთილი როლი ექნება ?

_ ირაკლიმ განაცხადა , რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას აპირებს . მე მის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ . მისი როლი აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული .

_ თუკი პრეზიდენტი გაზაფხულისთვის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას დასთანხმდება , დარჩენილ ორ თვეში საარჩევნო კოდექსის შეცვლა , საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება და სათანადოდ მომზადება თუ მოესწრება ?

_ არავითარ შემთხვევაში . სააკაშვილის ხელში ნორმალური არჩევნების ჩატარება შეუძლებელია . არ შეიცვლება საარჩევნო გარემო , არ იქნება მედიის დამოუკიდებლობა ( ელექტრონული მედია მაქვს მხედველობაში ). ეს იქნება მორიგი ფარსი და პრეზიდენტის მმართველობის გაგრძელება . ჩვენ მივიღებთ ფრაქციულ და ფრაგმენტულ პარლამენტს , სადაც პრეზიდენტისთვის ადვილი იქნება მანიპულირება და მოსახლეობა ისევ მოტყუებული აღმოჩნდება .

_ ვინ აფინანსებს თქვენს პარტიას , სად შოულობთ ფულს პარტიის შესანახად ?

_  დღემდე პარტია ფინანსდება წევრების პირადი შემოწირულობებით . იმედი გვაქვს , რომ გამოჩნდებიან ადამიანები , რომლებიც აქტიურად და ღიად დაგვიჭერენ მხარს .

_ დავუშვათ , გახდით პრეზიდენტი , არსებული მდგომარეობიდან საქართველოს გამოყვანას როგორ აპირებთ ?

_ გამოსავალი არის გონივრულ პოლიტიკაში და არა ემოციებსა და კუნთების თამაშში . როცა ხელისუფალი ხარ , არ შეიძლება პიროვნული განწყობით იმოქმედო _ ვის დაელაპარაკო და ვის _ არა . თუკი შენს ქვეყანას სჭირდება , უნდა ელაპარაკო ყველას , _ მოგწონს ის თუ _ არა . ხელისუფალის წარმატება განისაზღვრება იმით , რომ არაკეთილმოსურნის განეიტრალება შეძლო .

_  რუსეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე , როცა დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ნეგატიურად იცვლება , რაში ხედავთ გამოსავალს ?

_ ამჟამად , რუსეთთან ჩვენი პოლიტიკა აბსოლუტურად გაუგებარია . ერთი მხრივ , ხელისუფლება ამბობს , რომ რუსეთის ხელისუფლებას არ ელაპარაკება , მეორე მხრივ , ენგურჰესი , ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე , ხონჩით მიართვეს მას . რუსეთთან რთული იქნება მოლაპარაკებების წარმოება , მაგრამ , მთავარია , დიალოგის რეჟიმში გადავიდეთ . პირველ ეტაპზე დაგვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა .

_ ხომ არ დადგება სასწორზე ორიენტაციის საკითხი ?

_ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მთავარი ორიენტაცია პროქართულია .  ქართველი ხალხისთვის დასავლური ფასეულობები მნიშვნელოვანია , მაგრამ , ამავე დროს , ჩრდილოელ მეზობელთან უნდა შევძლოთ ნორმალური ურთიერთობის აღდგენა .

_ ამბობენ , რომ ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ლონდონში თქვენ შეხვდით ბიზნესმენ ლევან ვასაძეს , რომელსაც უმსხვილესი ბიზნესი აქვს რუსეთში და ხელისუფლების ერთგვარ დასაყრდენად მოიაზრება საქართველოსთან მიმართებაში . დაადასტურებთ ამ შეხვედრას ? თუკი მართლა შეხვდით , რა საკითხზე გქონდათ მასთან მოლაპარაკება ?

_ მე ლონდონში ორი წელია არ ვყოფილვარ … ვასაძეს კარგად ვიცნობ და ნორმალური ურთიერთობა მაქვს მასთან , მაგრამ მინიმუმ ორი წელია არ შევხვედრივარ . რომ მომეცეს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა , ნამდვილად შევხვდები .

_ რას იტყვით მიხეილ სააკაშვილის იმპულსურობაზე . ამბობენ , რომ ის მთავრობის სხდომებზე ხშირად გამოდის მდგომარეობიდან , უშვერი სიტყვებით აგინებს ნებისმიერი რანგის ჩინოვნიკს , ისვრის ნივთებს და ა . შ . თითქოს , მან , ერთხელ , პირველად გაპრეზიდენტებამდე , საფერფლე თქვენც გესროლათ . .. 

_ ადამიანი , ვინც მაგას გამიბედავს , ჯერ არ დაბადებულა . რაც არ უნდა ოპოზიციაში ვიყო , ჩემი მხრიდან ასეთ საკითხებზე საუბარი არადელიკატურია . ზოგადად , ის რომ ემოციური ადამიანია , ამას ჩემი დადასტურება არ სჭირდება . არასდროს მომწონდა მისი გამოხატვის მანერა . ჩემი თანდასწრებით ის ყოველთვის ცდილობდა , რომ კორექტული ყოფილიყო , თუმცა ვიცი , რომ მას ზოგიერთი თანამებრძოლის მიმართ კორექტულობა მაინცდამაინც არ ახასიათებდა . 

_ მედია დაახლოებით ერთი წლის წინ წერდა , რომ მიხეილ სააკაშვილმა წყნეთში მიწის ნაკვეთი გაჩუქათ ერთ ლარად . ახლაც გაქვთ ეს ნაკვეთი ?

_ ეს იყო მორიგი სპეკულაცია . ჯერ საუბრობდნენ , რომ თითქოს მამაჩემით , ქმრით , შვილებით და ა . შ . მაშინებდნენ . მერე წყნეთის თემა გაჩნდა . აღმოჩნდა , რომ ერთიც და მეორეც ტყუილია . მე არასოდეს მივდივარ ისეთ გარიგებაზე , რომელიც ჩემს სინდისთან კონფლიქტში მოვა . რაც შეეხება ამ ყბადაღებულ ერთ ლარს , პრივატიზაციის კანონში მართლა ერთი ლარია ჩაწერილი და სხვა თანხას ვერ მიუთითებდნენ . მე , უახლოეს დღეებში , 300 ათასი ლარი უნდა გადავიხადო _ ამ აგარაკის საფასური . ეს თანხა საკმაოდ ბევრია , ამიტომ ჩემი ოჯახის კუთვნილი მიწა გავყიდე დოლიძის ქ . #3- ში . 

_ თქვენს პოლიტიკურ კარიერაში დიდი როლი მიუძღვის ყოფილ პრემიერს , ზურაბ ჟვანიას . მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რაიმე ახლის თქმას თქვენც ხომ არ აპირებთ ? ახლაც ფიქრობთ , რომ ჟვანია გაზით მოიწამლა ?

_ ეს ძალიან დელიკატური თემაა . მე მხოლოდ ოფიციალურ ვერსიას ვეყრდნობი .

_ გასული წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები სპეცრაზმმა დაარბია . მაშინ თქვენ თქვით , რომ ეს რექტორის ბრალი იყო .

_ ჩემთან შემდეგ მოვიდა ყოფილი რექტორი , რომელმაც სრულად სხვაგვარად დამიხატა რეალობა . ვწუხვარ , თუ ამ ადამიანს ტყუილად მივაყენე შეურაცხყოფა . მე ვთქვი ის , რაც თვითმხილველებმა მითხრეს . გამოძიება ნამდვილად არ ჩამიტარებია . არასწორი იყო ის ფაქტი , რომ სტუდენტები არ გააფრთხილეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე . არანაირი აუცილებლობა იქ სპეცრაზმის გამოყენებისა თუ გაზის გაშვებისა , არ იყო . ის , რომ ეს თავიდან ვერ აიცილა სპეცრაზმმა , ხელისუფლებამ თუ იმავე რექტორმა , ეს ყველას პასუხისმგებლობის საკითხს , რაღაც დოზით , ალბათ , ჩემსასაც , აყენებს .

_ როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყავით , თუ გქონიათ ოფიციალური ან არაოფიციალური შეფასება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობაზე და ახლა რა აზრის ხართ ?

 

_ რა აზრისაც მაშინ ვიყავი , იმავე აზრზე ვარ . შეიძლება პიროვნულად არ არის ცუდი ადამიანი , მაგრამ აჭარასთან მიმართებაში ბევრი დააშავა . პოლიტიკური თვალსაზრისით ხშირად არასწორ საქმეს აკეთებს , თუმცა , ამაში ლომის წვლილი სააკაშვილს მიუძღვის . ის ყველაფერში ერეოდა , მის გარეშე აქ არაფერი ხდებოდა . ორჯერ ძალიან მძიმე საუბარი მქონდა მასთან . ერთხელ , როცა დევნილები ძალისმიერი მეთოდით გამოასახლეს . მართალია , მაშინ დევნილები გამინაწყენდნენ , რადგან ჩემი გამოსვლა მათ მიმართაც კრიტიკული იყო , მაგრამ ვარშალომიძესთან სერიოზული საუბარი მქონდა იმის თაობაზე , რომ მან საერთო ენა ვერ გამონახა და როგორც ბოროტმოქმედებს , სპეცრაზმი შეუსია . მეორედ მას და სააკაშვილს ეკლესიის დანგრევასთან დაკავშირებით ვესაუბრე . 

_ იქნებ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია , უნდა იყოს თუ არა აჭარა ავტონომიური ერთეული და თუ კი , რა სახის კომპეტენცია უნდა ჰქონდეს მას ?

 

_ მე არ ვთვლი , რომ აქ ავტონომია არ უნდა იყოს . ავტონომიის სწორი გაგება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება აჭარისთვის , დანარჩენი საქართველოსთვის , აფხაზეთისა და ოსეთისთვის . ავტონომია არ უნდა იყოს ფარსი . მას უნდა ჰქონდეს თვითმმართველობის გარკვეული უფლება .

_ წლების განმავლობაში არაერთხელ ვცადე ინტერვიუ ჩამეწერა ნინო ბურჯანაძესთან , მაგრამ ეს ვერაფრით მოვახერხე . თანამდებობაზე კვლავ რომ დაბრუნდეთ , შეძლებენ ჟურნალისტები თქვენთან დაკავშირებას ?

_ როცა ჩვენმა ხელისუფლებამ მედიასთან ურთიერთობის შეზღუდვა დაიწყო , როცა კანცელარიას გაზეთების გამოწერა აუკრძალა , ჟურნალისტებს გადაადგილება შეუზღუდა და ა . შ . მე პარლამენტში ეს არ გამიკეთებია . ჟურნალისტებს ჩემთან ურთიერთობის პრობლემა არასოდეს ჰქონიათ . მე მჯერა , რომ თავისუფალი სიტყვის და სასამართლოს გარეშე ქვეყანას ვერ ავაშენებთ .

 

ემზარ დიასამიძე არის დამოუკიდებელ გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტი 2001 წლიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი