ახალი ამბები

საფრანგეთში კოვიდზე აცრა ყველა მედ.მუშაკისთვის სავალდებულო ხდება

13 ივლისი, 2021 •
საფრანგეთში კოვიდზე აცრა ყველა მედ.მუშაკისთვის სავალდებულო ხდება

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამიერიდან მედიცინის ყველა მუშაკისთვის სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დასაქმებულმა ანაზღაურება ვერ მიიღოს.

ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ 12 ივლისს მიიღო. რეგულაცია ეხებათ ექიმებს, ექთნებს, კლინიკებში დასაქმებულ ადამიანებს და მოხალისეებს.

„ვიცი, რასაც გთხოვთ, და ვიცი, რომ მზად ხართ ამისათვის; რომ ეს, გარკვეულწილად, თქვენი პასუხისმგებლობის ნაწილია“, – განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში.

ჯანდაცვის მინისტრის, ოლივერ ვერანის განცხადებით, მედიცინის მუშაკები 15 სექტემბრამდე უნდა აიცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ანაზღაურება ვერ მიიღონ.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო თვიდან მოქალაქეებს მაღაზიებში, ბარებში, კინოთეატრებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში შესასვლელად ჯანმრთელობის ცნობები დასჭირდებათ, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანი აცრილია ან ბოლო პერიოდში კოვიდზე ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა.

მსგავსი ცნობა უკვე საჭიროა ზოგიერთ დაწესებულებაში შესასვლელად, როგორიცაა ღამის კლუბები, რაც გასულ შაბათ-კვირას გაიხსნა. 21 ივლისიდან დაწესებულებების სია ფართოვდება და შეეხება 12 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

BBC-ის ცნობით, ვაქცინაციის წასახალისებლად, PCR ტესტირება, რაც ახლა ქვეყანაში უფასოა, ფასიანი გახდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ტესტირების საჭიროება ექიმის ცნობით იქნება დადასტურებული.

BBC-ის ცნობითვე, პრეზიდენტის განცხადების შემდეგ საიტი Doctolib, რომლითაც ვაქცინაციაზე რეგისტრაციაა შესაძლებელი, დროებით გაითიშა, რადგან დარეგისტრირება ძალიან ბევრმა ადამიანმა მოინდომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი