ახალი ამბები

საფრანგეთი ჯანდაცვის მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციას იწყებს

13 ივლისი, 2021 • 1437
საფრანგეთი ჯანდაცვის მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციას იწყებს

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებით, სექტემბრამდე ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის ყველა მუშაკი უნდა აიცრას.

მაკრონის განცხადებით, ის მოქალაქეები, რომლებიც ჩართულები არიან ჯანდაცვის სფეროში და არ აიცრებიან 15 სექტემბრამდე, დაექვემდებარებიან პოტენციურ სანქციებს ან ჯარიმებს.

სატელევიზიო მიმართვაში მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი, ვისაც რესტორანში, სავაჭრო ცენტრში, საავადმყოფოში შესვლა, ან მატარებლითა და თვითმფრინავით მგზავრობა სურს, უნდა წარმოადგინოს სპეციალური საშვი, რომლის მისაღებადაც მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი ცნობა, ან ცნობა იმის შესახებ, რომ მან ახლახან გადაიტანა ვირუსი, ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინფორმაციას ამის შესახებ “ასოშიეითედ პრესი” ავრცელებს.

მაკრონს თავის გამოსვლაში არ უხსენებია ახალი “ლოქდაუნის” დაწესების შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ. “ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება”, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთში ამჟამად ვირუსის ე.წ. დელტა ვარიანტი ვრცელდება. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 40 პროცენტია სრულად ვაქცინირებული. ქვეყანაში აცრა 12 წლის ზემოთ მყოფი პირებისთვის ფართოდაა შესაძლებელი.

მაკრონის განცხადებითვე, ქვეყანაში კორონავირუსის ტესტირება ფასიანი გახდება, რომელიც აქამდე საფრანგეთის მოქალაქეებისთვის უფასო იყო.

საფრანგეთის მსგავსად, ჯანდაცვის სექტორის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა იტალიაშიც. დანიაში რესტორნებში შესასვლელად და საჯარო ღონისძიებებზე დასასწრებად სავალდებულოა სპეციალური ციფრული საშვის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ მის წარმდგენს ვაქცინაციის სრული კურსი აქვს ჩატარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი