ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში “დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ” კანონი პირველი მოსმენით მიიღეს

13 ივლისი, 2021 • 1275
აფხაზეთში “დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ” კანონი პირველი მოსმენით მიიღეს

12 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა “აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი შეიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “დემოგრაფიული პოლიტიკა”, “დემოგრაფიული უსაფრთხოება” და “დემოგრაფიული საფრთხეები”.

როგორც დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ალხას ჯინჯოლია აცხადებს ადგილობრივ მედიასთან, “აფხაზეთში ამ დრომდე არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც აფხაზეთის დემოგრაფიულ პოლიტიკას განსაზღვრავს”.

აღნიშნულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ დემოგრაფიული საფრთხეა  დეპოპულაცია, მოსახლეობის დაბერება, დაურეგულირებელი მიგრაციული პროცესები, ოჯახის ინსტიტუტის დეგრადაცია.

კანონპროექტის შესაბამისად, აფხაზეთის დემოგრაფიული პოლიტიკის ძირითადი ამოცანებია: მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, შობადობის გაზრდა, სიკვდილიანობის შემცირება, ოჯახის ინსიტიტუტის გაძლიერება, სულიერებისა და ღირებულებების დაცვა, ეთნიკური აფხაზების ნებაყოფლობითი დაბრუნება.

რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის დემოგრაფიული სურათის გასაუმჯობესებლად ადგილობრივმა პარლამენტმა აბორტი აკრძალა, თუმცა მოგვიანებით დეპუტატებმა აღიარეს, რომ აბორტის აკრძალვამ საკანონმდებლო დონეზე არ გააუმჯობესა დემოგრაფიული სურათი. ქალები აფხაზეთიდან აბორტის გასაკეთებლად ძირითადად რუსეთის კლინიკებში მიდიან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი