ახალი ამბები

“გამოსავალი მთავრობის დათხოვნა და გარდამავალ მთავრობაზე შეთანხმებაა” — ჯაფარიძე

12 ივლისი, 2021 • 737
“გამოსავალი მთავრობის დათხოვნა და გარდამავალ მთავრობაზე შეთანხმებაა” — ჯაფარიძე

პარტია “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ახლა სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და გარდამავალ მთავრობაზე შეთანხმების მიღწევაა, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე დაკომპლექტდება.

პარტიაში აცხადებენ, რომ იწყებენ მსჯელობას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებზე:

“გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან არის, რომ დავითხოვოთ ეს მთავრობა. ამავდროულად, გარდამავალი პერიოდისთვის შევქმნათ მთავრობა, რომელიც იქნება კონსენსუსის საფუძველზე, რომ შეძლოს ამ გახლეჩილი საზოგადოების შერიგება. მათ, ვისაც ევალებოდა ამის აღკვეთა და არ გააკეთეს, ისინი არიან პირველი მებრძოლები ქრისტიანობის წინააღმდეგ.

ეს არის ფარისევლობა. ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება. პარლამენტში დაიწყოს პროცესი უნდობლობის გამოცხადების, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, რომელიც დაამშვიდებს ამ ვითარებას”, —აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

იმისათვის, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და ახალი მთავრობის არჩევა შეძლოს, უმრავლესობის ხმებია საჭირო, რაც ამ შემთხვევაში 76 ხმას ნიშნავს. ამ ეტაპზე ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი ხმები არ აქვს.


ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი