ახალი ამბები

წერეთლის თქმით, კობახიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

12 ივლისი, 2021 • 1403
წერეთლის თქმით, კობახიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

“ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მისი თქმით, შემთხვევა დღეს 12 ივლისს, იმ დროს მოხდა, როცა პარლამენტში შევიდა. როგორც წერეთელი ამბობს,”ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს ესაუბრებოდა და ეკითხებოდა “რატომ გაწირეს ეს ბავშვები [მედიის წარმომადგენლები]”.

“უბრალოდ მინდოდა, რომ კითხვები დამესვა, თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რატომ მოაწყვეს სისხლიანი 5 ივლისი. მივედი, კობახიძემ შემომხედა და მეგონა, რომ თვალებში მეტყოდა ან რაღაცას დავინახავდი და მითხრა,  შე ნაბიჭვაროო. ირაკლის ვეტყვი, ყველამ თავის კორუმპირებულ მედიპლომე ოჯახებს მიხედოსო. მერე გამოვედი გარეთ, გამომაგდეს. არ ვიცი, ვინ იყო, ვერც ვიცანი, დამესია 30 კაცი, მომვარდნენ და ხელები გადამიგრიხეს”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

გუშინ, 11 ივლისს გამართულ აქციაზე, სადაც ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებდნენ, მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისთვის ვადა დღეს, 12 ივლისს, 12 საათამდე მისცა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დღეს დილით გამართული მთავრობის სხდომაზე გაირკვა, რომ ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებს, მედიამენეჯერები პარლამენტთან შეიკრიბნენ.


ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და, შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი