ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მრავალი თაობის აღმზდელის, ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის 95 წლის იუბილე აღნიშნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ლევან ალექსიძის აღზრდილები სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორიდან, კოლეგები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები.
„ლევან ალექსიძის სახელთან დაკავშირებულია ქართველი იურისტებისა და დიპლომატების მთელი პლეადა, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სამართალში. მისი თაოსნობით საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომელმაც საერთაშორისო სამართლის სფეროში მრავალი სამეცნიერო და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გამოზარდა. ის იყო ამ დარგის ექსპერტი, ექსპერტი ადამიანის უფლებების მიმართულებით, მუშაობდა გაეროში. მისი ღვაწლის აღსანიშნავად, უნივერსიტეტში გაიხსნება მისი სახელობის კაბინეტი, აგრეთვე, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დაერქმევა ლევან ალექსიძის სახელი. ეს არის ის მცირედი რამ, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას მისი სახელის უკვდავსაყოფად,“– აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერების დარგში, ღირსების, ბრწყინვალებისა და წმ. გიორგის ორდენების კავალერი, ივანე ჯავახიშვილის ფორუმის პრემიის ლაურეატი, ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა 1950 წლიდან.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან პროფესორ ლევან ალექსიძის ინიციატივითა და თაოსნობით შეიქმნა და განვითარდა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1990 წელი, სექტემბერი), რომელმაც დასაბამი მისცა საერთაშორისო სამართლის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებას საქართველოში.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა ლევან ალექსიძის დამსახურებებს ქვეყნის წინაშე. განსაკუთრებით აღნიშნა მისი წვლილი დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. „ბედნიერი ვარ, რომ მასთან, როგორც ლექტორთან, ჩემს დამრიგებელთან, ურთიერთობის პატივი მერგო. ლევან ალექსიძე იყო ადამიანი, რომელმაც საქართველო გააცნო ბევრ უცხოელ მეგობარსა და კოლეგას,“- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თსუ -ს მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება (ავტ. ნინო კაკულია), საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალის მიერ გამოცემული პუბლიკაციების პრეზენტაცია, მათ შორის ინგლისურენოვან სტატიათა კრებულის “საერთაშორისო სამართლის შერჩეული საკითხების”, რომელიც მიეძღვნა ლევან ალექსიძის ხსოვნას.
„ჩვენ გვიჭირს მის გარეშე ყოფნა, მაგრამ ვცდილობთ რომ მისი დატოვებული საქმე, პირველ რიგში, თსუ-ში საერთაშორისო სამართლის სკოლის განვითარება, სათანადოდ გავაგრძელოთ და მისი სახელი უკვდავვყოთ,“– განაცხადა თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირინა ქურდაძემ.
ღონისძიების დასასრულს, სხვადასხვა ექსტრაკურიკულურ აქტივობებში მონაწილე, თსუ საერთაშორისო სამართლის პროგრამის წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.