ახალი ამბები

ბოდიში, რომ ამას ვიმეორებ – გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას ითხოვდნენ – ღარიბაშვილი

12 ივლისი, 2021 • 2764
ბოდიში, რომ ამას ვიმეორებ – გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას ითხოვდნენ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას დაღუპვის შემდეგ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ გამომსვლელები მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის დაკავებას ითხოვდნენ და ამ ფრაზის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას ხელისუფლების მიერ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ამას ვიმეორებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა 12 ივლისს საუბრისას.

11 ივლისის აქციის ორგანიზატორებს მსგავსი მოთხოვნა არ ჰქონიათ და არც აქციაზე გახმიანებულა.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და, შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

“ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე” – კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი