ახალი ამბები

12 ივლისის 12 საათი — “სირცხვილიას” ულტიმატუმი მთავრობას გადასადგომად

11 ივლისი, 2021 • 1542
12 ივლისის 12 საათი — “სირცხვილიას” ულტიმატუმი მთავრობას გადასადგომად

“სირცხვილია” აცხადებს, მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დასანიშნად ხელისუფლებას დროს ხვალ, 12 ივლისს, 12 საათამდე აძლევს.

“გადადგეს ღარიბაშვილი, გადადგეს მთავრობა, დაინიშნოს არჩევნები. თუ არ შეასრულებენ ჩვენს ამ მოთხოვნას, ჩვენ გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას, რომელიც მიგვიყვანს ღარიბაშვილის გადაყენებამდე. ბიძინას მიერ პოლიტიკური საფერფლიდან ამოღებული ბიჩოკი ჩაიწვა”,— განაცხადა შოთა დოღმელაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა ადამიანები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯისა და მედიის სოლიდარობის მიზნით დღეს, 11 ივლისს შეიკრიბნენ.

აქციის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაუყოვნებლივი გადადგომა და დასჯაა, რასაც უნდა მოჰყვეს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომაც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს მთავრობამ არათუ ვერ დაიცვა მედია ძალადობისგან, არამედ, ხელი შეუწყო და წააქეზა ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს საპატრიარქოს მოწოდებით შეიკრიბნენ და მიზანმიმართულად გაუსწორდნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს.

დღევანდელი აქციის ბიძგი გახდა ტვ “პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, რომელსაც 5 ივლისს სასტიკად სცემეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი