ახალი ამბები

ელენე ხოშტარიამ მთავრობის შენობას წითელი საღებავი შეასხა

11 ივლისი, 2021 • 1823
ელენე ხოშტარიამ მთავრობის შენობას წითელი საღებავი შეასხა

მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თბილისში მთავრობის შენობას წითელი საღებავი შეასხა. მან ამ ფორმით გააპროტესტა ტვ “პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილი, რომელიც დღეს, 11 ივლისს, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.

“რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ოპერატორის გარდაცვალებას. წარმოუდგენელია, ჩვეულებრივ გააგრძელო ცხოვრება და აქ მკვლელები და მოძალადეები იყვნენ მოკალათებული. წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ და ყველაფერზე მოუწევთ პასუხისგება”, — უთხრა ელენე ხოშტარიამ “ფორმულას” მას შემდეგ, რაც მთავრობის კანცელარიის შესასვლელში წითელი საღებავი დაღვარა.

ალექსანდრე ლაშქარავას 5 ივლისს, თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში შეჭრილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

ოპერატორის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი