ნეტგაზეთი | “სოლიდარობა თბილისი პრაიდს”: აქციები პოლონეთსა და გერმანიაში “სოლიდარობა თბილისი პრაიდს”: აქციები პოლონეთსა და გერმანიაში – Netgazeti
Batumelebi | RU

“სოლიდარობა თბილისი პრაიდს”: აქციები პოლონეთსა და გერმანიაში

გერმანიასა და პოლონეთში გაიმართა  აქციები, რომელთა მეშვეობითაც სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს ლგბტ თემს და უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების დროს დაშავდნენ. “თბილისი პრაიდის” თანახმად, შეკრებებში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი აქტივისტები, ისე ქართველი ემიგრანტები.

10 ივლისს აქცია ბერლინში გაიმართა. ქართველმა ემიგრანტებმა და ადგილობრივმა აქტივისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს როგორც “თბილისი პრაიდს”, ისე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად დაშავებულ ჟურნალისტებს.

სოლიდარობის აქცია ბერლინში. ფოტო: Facebook/Tbilisi Pride

სოლიდარობის აქცია ბერლინში. ფოტო: Facebook/Tbilisi Pride

სოლიდარობის აქცია ბერლინში. ფოტო: Facebook/Tbilisi Pride

სოლიდარობის აქცია ბერლინში. ფოტო: Facebook/Tbilisi Pride

1 დღით ადრე მოქალაქეები პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, საქართველოს საკონსულოსთან შეიკრიბნენ. ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს სირთულეებს, რომელთაც საქართველოში თემის წევრები აწყდებიან.

მათი თქმით, ლგბტ ადამიანები განიცდიან როგორც ჰომოფობიას, ისე რეპრესიას ეკლესიის მხრიდან და სახელმწიფოს პასიურობას.

სოლიდარობის აქცია ვროცლავში. ფოტო: Wrocławskie Rewolucjonistki

სოლიდარობის აქცია ვროცლავში. ფოტო: Wrocławskie Rewolucjonistki

სოლიდარობის აქცია ვროცლავში. ფოტო: Wrocławskie Rewolucjonistki

სოლიდარობის აქცია ვროცლავში. ფოტო: Wrocławskie Rewolucjonistki

მანამდე, 8 ივლისს, სოლიდარობის აქცია ქართველებმა და პოლონელებმა ვარშავაშიც ჩაატარეს. მოქალაქეები საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბნენ, დაგმეს ჰომოფობია, სიძულვილი და ძალადობა.

“თუკი ჩვენ და ჩვენს ახლობლებს სახელმწიფო არ იცავს, სხვა გამოსავალი არ გვრჩება: წამოიღე ცისარტყელას დროშა, ტრანსპარანტები, წამოიყვანე ახლო მეგობარი, დაუკავშირდი ნაცნობ ქართველებს და იხმაურე!” – მიმართავდნენ ორგანიზატორები აუდიტორიას.

სოლიდარობის აქცია ვარშავაში. ფოტო: Agata Kubis

სოლიდარობის აქცია ვარშავაში. ფოტო: Agata Kubis

სოლიდარობის აქცია ვარშავაში. ფოტო: Agata Kubis

სოლიდარობის აქცია ვარშავაში. ფოტო: Agata Kubis

სოლიდარობის აქცია ვარშავაში. ფოტო: Agata Kubis

სოლიდარობის აქცია ვარშავაში. ფოტო: Agata Kubis

როგორც ვროცლავის, ისე ვარშავის აქციების ორგანიზატორებმა, ღირსების მარშის ჩაშლის, ჟურნალისტებზე შეტევისა და ოფისების დარბევის ფაქტებთან ერთად ახსენეს პოლონელი ტურისტის დაჭრა თბილისში. ქართული მედიის ნაწილის ინფორმაციით, თავდამსხმელი მისმა სტილმა და საყურემ გააღიზიანა. ტურისტი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია თბილისში

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მეორე დღეს, 6 ივლისს, თბილისის ცენტრში შეიკრიბა ათასობით მოქალაქე, რომელთაც დაგმეს სიძულვილი და ჰომოფობია. ძალადობრივი ჯგუფები ამ დღესაც მობილიზდნენ ქუჩებში, თავს დაესხნენ რამდენიმე ადამიანს და არაერთგზის სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

ამ დროისთვის, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პატიმრობა აქვს შეფარდებული 15 ადამიანს. მათ შორის 12-ს ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავებიან, 3-ს კი – “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან