ახალი ამბები

ჩვენს მაგივრად ოკუპანტს არავინ დაელაპარაკება – გახარია

10 ივლისი, 2021 • 934
ჩვენს მაგივრად ოკუპანტს არავინ დაელაპარაკება – გახარია

“მტერსაც უნდა ველაპარაკოთ” – თქვა გიორგი გახარიამ რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბრისას. პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერის განცხადებით, ქვეყანას დეოკუპაციის სტრატეგია სჭირდება.

“პრემიერ-მინისტრობის დროსაც ჩვენ უკვე გვქონდა კონკრეტული გეგმა და უკვე შექმნილი და დაწყებული გვქონდა კომისიის შექმნის პროცესი, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება დეოკუპაციის გეგმა.

შეუძლებელია ოკუპირებულ ქვეყანას – რომლის 20% ოკუპირებულია – არ ქონდეს გააზრებული, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი სტრატეგია, როგორ აპირებს ქვეყნის დეოკუპაციას. ასეთი სტრატეგიის არქონა მოქმედებს ყველაფერზე: ეკონომიკურ განვითარებაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე… ყველაფერზე!” – დასძენს გახარია.

მისი თქმით, აღნიშნული სტრატეგიის “ერთი პატარა ნაწილი” უნდა იყოს დებორდერიზაციის გეგმა:

“ქვეყანას უნდა ჰქონდეს დებორდერიზაციის გეგმა, რადგან ჩვენ ხიდებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ვერ ავაშენებთ, თუ ფიზიკური წვდომა არ გვქონდა ერთმანეთთან და მავთულხლართებით ვიყავით გაყოფილი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.

გახარიას სიტყვებით, საქართველო მტერსაც უნდა ესაუბროს და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაც საჭიროა:

“ერთი რამე უნდა გვესმოდეს ყველას – მტერსაც უნდა ველაპარაკოთ – ჩვენი სალაპარაკოა ეს! არავინ ჩვენს მაგივრად არ დაელაპარაკება ოკუპანტს – ეს ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ პრაგმატულად, ცივი გონებით , მაგრამ ეს ჩვენი გასაკეთებელია! რაც უფრო გვიან გავაკეთებთ ამას, მით უფრო დავზიანდებით!

რაც უფრო დროულად დავიწყებთ ფიქრს, როგორ დავალაგოთ, როგორ ვესაუბროთ ოკუპანტს და ჩვენი ქვეყნის მტერს… დღეს ყველას უნდა გვესმოდეს , რომ ჩვენს გარდა ამას არავინ არ გააკეთებს და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი