ახალი ამბები

ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააკავეს

10 ივლისი, 2021 • 1425
ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააკავეს

პოლიციამ 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 4 ადამიანი დააკავა, 1 პირს კი – ბრალი წარუდგინა. განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ივლისს გაავრცელა.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ:

“ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა რ.კ.-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულმა – 1985 წელს დაბადებულმა გ.ნ.-მ „იმედის“ ოპერატორს, ამავე დღეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

ბრალდებულმა – 1985 წელს დაბადებულმა თ.ბ.-მ, აქციის მიმდინარეობისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოკორესპონდენტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

ბრალდებულმა – 1984 წელს დაბადებულმა გ.კ.-მ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კიდევ ერთ პირს – ც.ჩ.-ს ბრალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე წარედგინა. [ის] 8 ივლისს დაკავდა, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტისა და ოპერატორსთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე”.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნასა და  ჯგუფურ ძალადობას.

5 ივლისის ძალადობრივი და ჰომოფობიური აქცია

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, ამ პირებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი