ახალი ამბები

ეუთო ხელისუფლებას აკრიტიკებს სასამართლოზე 19 აპრილის შეთანხმების არშესრულებისთვის

9 ივლისი, 2021 • 1249
ეუთო ხელისუფლებას აკრიტიკებს სასამართლოზე 19 აპრილის შეთანხმების არშესრულებისთვის

“მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გარკვეული გაუმჯობესება იყო გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, გამოვლენილმა ნაკლოვანებებმა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა დამატებითი რისკის ქვეშ დააყენა” — ასე აფასებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია (ეუთო/ოდირი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.

ამის შესახებ საუბარია მესამე შუალედურ ანგარიშში, რომელიც ეუთო/ოდირმა დღეს, 9 ივლისს გამოაქვეყნა. დოკუმენტში 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო გაკრიტიკებულია ხელისუფლება. კრიტიკა მიემართება სასამართლო სისტემასაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესის არაჯეროვანი წარმართვისთვის.

“მოსამართლეთა შერჩევის სანდო, გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემა ფუნდამენტია ყველა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. საქართველოში უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს აკლდა ცხადი სტანდარტი და სახელმძღვანელო წესები, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ყველა კანდიდატის თანაბარ შესაძლებლობაზე, მიეღწია წარმატებისთვის”, — აცხადებს ოდირის დირექტორი მატეო მეკაჩი.

ეუთო/ოდირის მესამე შუალედურ ანგარიშში გაკრიტიკებულია საქართველოს პარლამენტიც, რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის მედიატორობით მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად.

“მიუხედავად ამისა [19 აპრილის შეთანხმებისა], პარლამენტმა ვერ შეძლო შეექმნა ისეთი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეაჩერებინებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს. შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააგრძელა მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, მოსმენა და შეფასება 2021 წლის გაზაფხულზე”, — ნათქვამია დოკუმენტში. იქვე აღნიშნულია, რომ შერჩევის პროცესმა გააჩინა წუხილები პროცესის ეფექტიანობასა და ინტერესთა კონფლიქტზე.

ოდირი აღნიშნავს, რომ “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების აპლიკაციების, ბექგრაუნდების შემოწმებისა და ინტერვიუს პროცედურები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს”.

“მიუხედავად იმისა, რომ კანონი ცხადად განსაზღვრავს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნისას, ოდირმა დააფიქსირა აუცილებელი სტანდარტებისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი დარღვევები სამ შემთხვევაში, რამაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს სასამართლო დამოუკიდებლობასა და მის მიმართ საზოგადოების ნდობას”, — აღნიშნულია ანგარიშში და იქვე მითითებულია, რომ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით წარმოქმნილ წუხილებს “არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა”.

ეუდო/ოდირი თავის ანგარიშში არაერთხელ მიუთითებს ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაზე და აღნიშნავს:

“მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით აიღო ვალდებულება, შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, მან განსახილველად მაინც მიიღო უზენაესი მოსამართლეობის 9 კანდიდატი. 9 ივლისის მონაცემებით, პარლამენტი მათი დამტკიცების მიზნით ხმის მიცემის პროცედურისთვის ემზადებოდა”, — აღნიშნავს ეუთო/ოდირი.

ეუთო/ოდირის ანგარიში ინგლისურ ენაზე სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი