ახალი ამბები

ბოლო მონაცემებით, ვაქცინაცია აფხაზეთიდან გადმოსულ 124 ადამიანს ჩაუტარდა – გამყრელიძე

9 ივლისი, 2021 •
ბოლო მონაცემებით, ვაქცინაცია აფხაზეთიდან გადმოსულ 124 ადამიანს ჩაუტარდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მის ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ 124 პირს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაცია.

გამყრელიძის თქმით, ამასთან, ყველა პირს, რომელიც აგხაზეთიდან გადმოდის, უტარდება კორონავირუსის სწრაფი ტესტი, საჭიროების შემთხვევაში კი- PCR-იც. დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აპრილის შემდეგ აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულთაგან COVID-19 ამ გზით 84 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებსაც რუხის კლინიკაში ან კოვიდსასტუმროში შესაბამისი დახმარება გაეწიათ:

“თანდათან ჩვენი თანამემამულეები დაინტერესებული არიან ვაქცინაციით. გაიზარდა ტესტირების ჩამტარებელთა რაოდენობა. არის ჯგუფები, რომ იქ დიდი რიგი არ შეიქმნას. რაც შეეხეაბ აცრებს, ბოლო მონაცემები მე რაც მქონდა, 124 ადამიანი იყო აცრილი, ვინც გადმოვიდა ძირითადად გალის რაიონიდან.

აცრების მოსურნეთა რიცხვი თანდათან მატულობს. რაც მეტი ჩვენი თანამემამულე აფხაზეთის რეგიონიდან აიცრება, ჩვენთვის მისასალმებელია. ყველას ვთავაზობთ რამდენიმე ვაქცინით აცრას. ზუგდიდში აცრები ტარდება სამ დაწესებულებაში და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ფართოვდება”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

19 აპრილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას ექცემდებარებიან. ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა 7 აპრილს მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის დაღუპვა. ფაქტთან დაკავშირებით გალელები და კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და ორგანიზაციები ქართულ მხარეს ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ – რომ არა 5-დღიანი კარანტინი, რომელიც ქართულმა მხარემ დაუწესა გალის მოსახლეობას, ადამიანები გადაადგილებისთვის ისარგებლებდნენ ენგურზე გამშვები პუნქტით და მდინარის გადმოლახვა არ მოუწევდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი