ახალი ამბები

NGO-ები: ჟურნალისტების უფლებების დარღვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა

9 ივლისი, 2021 • 691
NGO-ები: ჟურნალისტების უფლებების დარღვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, ხოლო ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია.

5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბურ ძალადობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად.

“ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. შსს-მ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. მედიაზე თავდასხმა 2021 წლის 6 ივლისსაც გაგრძელდა, ე.წ. “მდუმარე აქციის” გადაღებისას მოძალადე ჯგუფები ცდილობდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირი ეთერი ჩაეშალათ”, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაშავებულია 10-ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და კვლავაც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.

“ჩადენილი მრავლობითი დარღვევების საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, მათ მიერ გადაღებული კადრების საშუალებით”, — ნათქვამია განაცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების მიზნით, მიმართავენ:

მთავრობას:

  • 2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს.
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

საქართველოს პარლამენტს:

  • უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
  • მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები.
  • მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები:

  1. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  2. ლიბერალური აკადემია თბილისი
  3. მედიაკლუბი
  4. მედიის განვითარების ფონდი
  5. მედიის უფლებები
  6. სატელევიზიო ქსელი
  7. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – AB
  8. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  9. სამართლიანი არჩევნები – ISFED
  10. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  12. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA
  13. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  14. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  15. უფლებები საქართველო
  16. ღია საზოგადოების ფონდი OSGF

მასალების გადაბეჭდვის წესი