ახალი ამბები

ვაქცინაციის მიწოდება გაცილებით ჭარბობს მოხმარებას — გამყრელიძე

8 ივლისი, 2021 • 1270
ვაქცინაციის მიწოდება გაცილებით ჭარბობს მოხმარებას — გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის(NCDC) დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამჟამინდელი მოცემულობით, ქვეყანაში ვაქცინაციის მიწოდება სამჯერ ჭარბობს მასზე მოთხოვნას. გამყრელიძის თქმით, ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა მზარდია, თუმცა არ არის საკმარისი. ის მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“თანდათან ჩვენ ვცილდებით დღეში 5 000-იან ზღვარს. გუშინ გვქონდა 5 700 აცრა. დღესაც დაახლოებით 6 000-მდეა დაგეგმილი და ეს თანდათან უფრო უნდა გაფართოვდეს. ეს არის არც ცოტა, მაგრამ არც ის ბევრი, რომელიც ჩვენ ძალიან გვინდა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ვიყოთ უფრო აქტიური, რამეთუ პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე. ჩვენ უნდა ავცრათ წელს მოზრდილი მოსახლეობის 60%, რომ წერტილი დავუსვათ ყოველდღიურ გარდაცვალებებს, ასობით ახალ შემთხვევას და ეპიდემიას ქვეყანაში.

დღეს ვაქცინაციის მიწოდება გაცილებით ჭარბობს მოხმარებას. იყო პერიოდი, როცა ჩვენ გვქონდა ვაქცინების დეფიციტი, თუმცა დღეს ასე არ არის. დღეს პორტალზე გახსნილია დაახლოებით 100 000 თავისუფალი ადგილი და დაჯავშნილია მხოლოდ და მხოლოდ 30-35 000-ის ფარგლებში. ანუ მიწოდება დაახლოებით სამჯერ ჭარბობს მოხმარებას. ამიტომ, გთხოვთ, მეტად ვიაქტიუროთ”, — დასძინა მან NCDC-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე მონაცემებით, საქართველოში ნაწილობრივ(1 დოზით) აცრილია 172 000 ადამიანი, სრულად კი — 111 000. სულ ჩატარებულია 283 631 აცრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი